დონალდ ტუსკმა მოქალაქეები მოსალოდნელი რთული კვირებისა და თვეების შესახებ გააფრთხილა, რაც პოლონეთის საზღვართან რუსული თავდასხმების ინტენსივობის გაზრდას უკავშირდება
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა მოქალაქეები მოსალოდნელი რთული კვირებისა და თვეების შესახებ გააფრთხილა, რაც პოლონეთის საზღვართან რუსული თავდასხმების ინტენსივობის გაზრდას უკავშირდება.
ტუსკის თქმით, უკრაინაზე რუსეთის დარტყმები სულ უფრო ხშირად ხდება პოლონეთის საზღვრის სიახლოვეს, მათ შორის, სასაზღვრო გამშვები პუნქტებისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ორშაბათს ერთ-ერთი რუსული დრონი დოროჰუსკის სასაზღვრო პუნქტთან ახლოს ჩამოვარდა.
ამასთან, მან საზოგადოება დაამშვიდა და განაცხადა, რომ მთავრობა და უსაფრთხოების სამსახურები „მაქსიმალურად მობილიზებულნი არიან, რათა პოლონურ მხარეს ინციდენტები თავიდან იყოს აცილებული“.
ტუსკმა ასევე ხაზი გაუსვა უკრაინულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობას. მისი თქმით, უკრაინული მხარე პოლონეთს ოპერატიულად აწვდის ინფორმაციას იმ ობიექტების შესახებ, რომლებიც შესაძლოა პოლონეთის მიმართულებით მოძრაობდნენ, და ცდილობს საფრთხე ჯერ კიდევ საკუთარი საჰაერო სივრცის ფარგლებში გაანადგუროს.