ირაკლი ქადაგიშვილი – ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქცია აღსრულოს, ის წიაღსვლები, რომელიც მას გააჩნია არარელევანტურია

ირაკლი ქადაგიშვილი – ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქცია აღსრულოს, ის წიაღსვლები, რომელიც მას გააჩნია არარელევანტურია

ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ის წიაღსვლები, რომელიც მას გააჩნია არარელევანტურია.

„ჩვენ შერჩევით არავის ვუდგებით. ყველას ობიექტურად ვუდგებით და ყველასთან დაკავშირებით მათი ქმედების შესაბამისი, ადეკვატური პასუხი იქნება. ამ შემთხვევაშიც, ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს. ის წიაღსვლები, რომელიც მას გააჩნია, ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად არარელევანტურია და არც ქვეყნებს შორის ურთიერთობის კონტექსტში არ შედის, მით უმეტეს, არც ელჩის და საელჩოს საქმიანობაში“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოში ირანის ელჩის, ალი მოჯანის ფეისბუქპოსტზე, სადაც ელჩი წერს: „მალე მკითხველებს გავუზიარებ ჩემ მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს, რომლებიც ეხება როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს. წარმოდგენილი მასალა არ იქნება არც ოფიციალური ვერსია და არც პრეტენზია იმისა, რომ ქეთევანის შესახებ საბოლოო სიტყვას ვამბობ; ეს იქნება ისტორიკოსის პირადი ხედვა და შეფასება კვლევის ამ ეტაპზე. ბუნებრივია, ეს შეფასება მომავალში უნდა შეივსოს, გაანალიზდეს, კრიტიკულად გადაიხედოს ან შესწორდეს დამატებითი წყაროებისა და ქართველი თუ ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე. შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება წარსულში დაბრუნებაზე მეტად, დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს“.