მარკ რუტე: რუსეთის დივერსიული კამპანია ვერ ახერხებს უკრაინისადმი მხარდაჭერის შესუსტებას

მარკ რუტე: რუსეთის დივერსიული კამპანია ვერ ახერხებს უკრაინისადმი მხარდაჭერის შესუსტებას

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ სიმშვიდისკენ მოუწოდა ევროპაში რუსეთის დივერსიული კამპანიის ფონზე და განაცხადა, რომ ეს კამპანია ვერ ახერხებს უკრაინისადმი მხარდაჭერის შესუსტებას.

მისი განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ესტონეთმა ოფიციალურად დაადანაშაულა რუსეთი მსგავს ინციდენტში და განაცხადა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა აგვისტოში თავდაცვის სფეროში მოქმედ კომპანიაზე თავდასხმა შეუკვეთეს.

„რუსეთი აგრძელებს ნატოს მოკავშირეების წინააღმდეგ მტრული ქმედებების დაუფიქრებელ კამპანიას. ის ცდილობს, შეასუსტოს ჩვენი მტკიცე პოზიცია და შეწყვიტოს ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. თუმცა, რუსეთი ამას ვერ ახერხებს. ის მარცხდება ბრძოლის ველზე და ასევე ვერ ახერხებს ჩვენი ერთიანობისა და უკრაინის მხარდაჭერის შესუსტებას“, - განუცხადა რუტემ ჟურნალისტებს.

რუტემ აღიარა, რომ რუსეთის ქმედებებს „შეიძლება ჰქონდეს გავლენა და ხანდახან აშკარად აქვს კიდეც“.

თუმცა, მან ნატოს წევრ ქვეყნებს მოუწოდა, შეინარჩუნონ „სიმშვიდე, განაგრძონ საქმიანობა და მხარი დაუჭირონ უკრაინას“.

„ჩვენ არ უნდა ვიყოთ მიამიტები რუსეთთან მიმართებით, მაგრამ მათ იციან, რომ ჩვენ უფრო ძლიერები ვართ“, - განაცხადა რუტემ.