მაკრონი: ევროპამ საკუთარი ინდუსტრია უნდა დაიცვას და ჩინეთზე მზარდი დამოკიდებულება შეამციროს
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპას სავაჭრო დაცვის მექანიზმების გაძლიერებისა და ინვესტიციების ზრდისკენ მოუწოდა.
მარკონის თქმით, ჩინეთზე და წიაღისეულ საწვავზე მზარდი დამოკიდებულება ევროპის კონკურენტუნარიანობას საფრთხეს უქმნის.
მაკრონმა მადრიდის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპამ ინოვაციებს უნდა შეუწყოს ხელი, რეგულაციები გაამარტივოს, დაფინანსება გაზარდოს და ევროპელი მწარმოებლები არაკეთილსინდისიერი კონკურენციისგან დაიცვას.
„ჩინეთმა ევროპული ბაზარი მთლიანად წალეკა. ათწლეულების განმავლობაში საკუთარ თავს ვეუბნებოდით: „შესანიშნავია, ჩინეთი ჩვენთვის, ევროპელებისთვის, უზარმაზარი ბაზარია. ჩვენ ჩინეთი გვჭირდება“. ეს სიმართლეა. ჩვენ ჩინეთს დიდი რაოდენობით ტექნოლოგიები გადავეცით, ბევრი რამ გავყიდეთ და გარკვეულწილად ამას დღესაც ვაკეთებთ“, - განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ჩინეთი კომპანიებისთვის მასშტაბური სუბსიდიების გაცემასა და დემპინგურ პოლიტიკაში დაადანაშაულა, რაც, მისი თქმით, კონკურენტების ბაზრიდან განდევნას ისახავს მიზნად.
„დღეს, ახლა, ევროპელებს ჩინეთთან ყოველდღიურად 1 მილიარდი ევროს სავაჭრო დეფიციტი გვაქვს“, - განაცხადა მაკრონმა.
მისი თქმით, ევროკომისიამ სავაჭრო პრაქტიკის გამოძიებები უფრო სწრაფად უნდა ჩაატაროს, გააძლიეროს სავაჭრო დაცვის ინსტრუმენტები და დააწესოს მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც იმპორტირებული პროდუქცია იმავე სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს, რომლებიც ევროპელ მწარმოებლებს ეკისრებათ.
ენერგეტიკაზე საუბრისას მაკრონმა განაცხადა, რომ დეკარბონიზაციამ ევროპის მოწყვლადობა სრულად ვერ აღმოფხვრა.
„დღესაც მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული წიაღისეულ საწვავზე. ამას ნათლად ვხედავთ ჰორმუზის სრუტეში მიმდინარე მოვლენების ფონზე, რაც ჩვენს ეკონომიკურ მოდელებს პრობლემებს უქმნის. დეკარბონიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესის მქონე ქვეყნებიც კი, მაგალითად, ესპანეთი და საფრანგეთი, რომლებიც ამ გზას სხვადასხვა მეთოდით გადიან, კვლავ ამ დამოკიდებულების წინაშე დგანან“, - აღნიშნა მან.
მაკრონმა ასევე მოითხოვა ელექტროენერგიის ქსელების დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის გაძლიერება და ინვესტიციების ზრდა ხელოვნურ ინტელექტში, კვანტურ ტექნოლოგიებსა და თავდაცვაში.
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპელებს ამერიკელებზე მეტი დანაზოგი აქვთ, თუმცა ეს თანხები ძირითადად ბანკებსა და სადაზღვევო კომპანიებში რჩება.
„ეს დანაზოგები ჩვენს ბანკებსა და სადაზღვევო კომპანიებში მიდის. ჩვენ უკიდურესად მკაცრი რეგულაციები შემოვიღეთ ფინანსური კრიზისის შემდეგ, რომელიც ამერიკელი ბაზრის მონაწილეების მიერ იყო გამოწვეული, რის შედეგადაც ჩვენი ბანკები და სადაზღვევო კომპანიები ზედმეტად დავარეგულირეთ“, - განაცხადა მაკრონმა.