ქ. ვისბადენში ქართული კინოს დღეები გაიმართა

ქ. ვისბადენში ქართული კინოს დღეები გაიმართა

გერმანიის ფედერალური მიწის, ჰესენის დედაქალაქ ვისბადენში ქართული კინოს დღეები გაიმართა. მაყურებელმა ორი დღის განმავლობაში, 26 და 27 სექტემბერს ქართული კინოს სამი გამორჩეული შედევრი — თენგიზ აბულაძის „მონანიება“, ნანა მჭედლიძის „პირველი მერცხალი“ და ელდარ შენგელაიას „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ — იხილა.

ღონისძიება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაიმართა, ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებითა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, გერმანიის კინემატოგრაფიის ცენტრის (Deutsche Kinemathek), გერმანიის ფედერალური არქივის (Bundesarchiv), დიასპორული გაერთიანების “Kiba e.V.” და მურნაუს კინოთეატრის (Murnau Filmtheater Wiesbaden) მხარდაჭერით.

ფესტივალი 26 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა კონსულმა ქ. მაინის ფრანკფურტში, პროფესორმა გიორგი ხუბუამ გახსნა.

ღონისძიებას ჰესენის ხელისუფლებისა და მთავრობის ოფიციალური პირები, გერმანიის საუნივერსიტეტო, აკადემიური, ბიზნეს და კულტურის სფეროსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სტუდენტები და ქართული დიასპორის წევრები ესწრებოდნენ.