ძალადობის ყველა მონაწილე კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს - საფრანგეთის განათლების მინისტრი სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ მძიმე ინციდენტებს ეხმაურება და აცხადებს, რომ განხორციელებული ძალადობა ყოველგვარ ზღვარს სცდება
საფრანგეთის განათლების მინისტრი, ედუარ ჟეფრე სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ მძიმე ინციდენტებს ეხმაურება და აცხადებს, რომ განხორციელებული ძალადობა ყოველგვარ ზღვარს სცდება.
მინისტრის განცხადებით, დილიდან დაფიქსირდა ლიცეუმის დაწვისა და პერსონალისთვის ბენზინის შესხმის შემთხვევები, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა იზრდება.
„სკოლების მიმდებარედ დილიდან განხორციელებული ძალადობა უკიდურესად მძიმეა. ეს სცილდება მხოლოდ სკოლის ფარგლებს - არანაირი მოთხოვნა თუ პრეტენზია არ ამართლებს ასეთ ქმედებებს“, - აღნიშნავს ედუარ ჟეფრე.
მან სრული მხარდაჭერა გამოუხატა დაშავებულებს, მოსწავლეებსა და პერსონალს, რომლებსაც დარბეულ და დაზიანებულ დაწესებულებებში დაბრუნება მოუწევთ.
მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სკოლის დირექტორების სიმამაცეს, რომლებიც პირდაპირი თავდასხმის სამიზნეები გახდნენ, თუმცა მაინც განაგრძობენ მოსწავლეთა და გუნდის უსაფრთხოების დაცვას.
ედუარ ჟეფრე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ძალადობის ყველა მონაწილე კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. ამასთან, მან მოუწოდა საზოგადოებას, გაიაზრონ საკუთარი სიტყვებისა და მობილიზაციისკენ მოწოდებების პასუხისმგებლობა
„ძალადობა ვერ წაართმევს ჩვენს მოსწავლეებს განათლების მიღების ფუნდამენტურ უფლებას“, - აცხადებს საფრანგეთის განათლების მინისტრი.