ლაშა აბაშიძე – შუა დერეფანში საქართველოს როლი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, ვაკავშირებთ ცენტრალური აზიის ქვეყნებს ევროპის ბაზართან, ამიტომ, რკინიგზაზე ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება

ლაშა აბაშიძე – შუა დერეფანში საქართველოს როლი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, ვაკავშირებთ ცენტრალური აზიის ქვეყნებს ევროპის ბაზართან, ამიტომ, რკინიგზაზე ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება

შუა დერეფანში საქართველოს როლი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ვაკავშირებთ ცენტრალური აზიის ქვეყნებს ევროპის ბაზართან, შესაბამისად, ასევე ჩვენ გვაქვს პირდაპირი კავშირი შავ ზღვასთან, – ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო კონკურენტუნარიან გარემოში მდებარეობს.

„სწორედ ამიტომ, როგორც ხედავთ, ტვირთნაკადი მომატებულია. ვვარაუდობთ, რომ გადაზიდვაში რეკორდული წელი გვექნება. ჩვენ უკვე გვაქვს 15 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები. სწორედ ამიტომ, რკინიგზაზე ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება. გვაქვს გეგმა, არსებითად გავაუმჯობესოთ საქართველოს რკინიგზა, ეს იქნება არსებითი გაუმჯობესება. სრულად ვაახლებთ სალოკომოტივო პარკს, ვყიდულობთ ახალ ელმავლებს, ვამატებთ ახალ სიმძლავრეებს. ჩვენ უკვე ვიყიდეთ ახალი სატვირთო ვაგონები, ვამატებთ ახალ სატვირთო ვაგონებს, ანუ, რაც ყველაზე კრიტიკულია საქართველოს რკინიგზისთვის. ჩვენ ყველა გამოწვევას ვპასუხობთ და არსებითად შევცვლით ამ კომპანიას და არსებითი გაუმჯობესება გვექნება უახლოეს პერიოდში“, – განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

ანაკლიის პორტზე საუბრისას ლაშა აბაშიძემ განაცხადა, რომ ახალი საპორტო სიმძლავრე და ანაკლიის პორტი შუა დერეფნისთვის იქნება გარდამტეხი.

„იქნება დამატებითი რესურსი ტვირთების გადამუშავების და ზღვაზე გატანის. შუა დერეფანში, როგორც ვხედავთ კვლევებიდან, მომავალ წლებში იქნება დაახლოებით ორჯერ და სამჯერ მეტი ზრდა, შესაბამისად, ეს ახალი საპორტო სიმძლავრე უზრუნველყოფს, რომ ტვირთების გატარების უზრუნველყოფა მოხდეს. სწორედ ამიტომ, ანაკლიის პორტი არა მარტო საქართველოსთვის, ზოგადად, შუა დერეფნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და კრიტიკული მთელი ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის. საკმაოდ დიდი დაინტერესებაა და დიდი მოლოდინი ანაკლიის პორტთან. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში ვაპირებთ და ვმუშაობთ მსოფლიო ბანკთან ერთად, რომ მიმდინარე წელს უკვე გამოვაცხადოთ ტენდერი და დავიწყოთ სამუშაოები მისასვლელი რკინიგზის მოწყობისთვის. ეს იქნება სრულიად ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა. ჩვენ ვაშენებთ ახალ სადგურებს, ვაშენებთ ახალ სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, შესაბამის სალიანდაგო და შესაბამისი ყველა თანმდევი ინფრასტრუქტურა იქნება სრულიად თანამედროვე“, – განაცხადა ლაშა აბაშიძემ.