ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა ერთ წელში 890 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიკავა და 270 000 ჯარისკაცი დაკარგა, უკრაინამ 800 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა 2026 წელს, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის დროს, უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 890 კვადრატული კილომეტრი დაიკავა, უკრაინამ 800 კვადრატული კილომეტრის გათავისუფლება შეძლო.
„პუტინმა წელს დაახლოებით 890 კილომეტრი დაიკავა, ჩვენ კი 800 გავათავისუფლეთ. ეს ნიშნავს, რომ სხვადასხვა მიმართულებით მას ერთი წლის განმავლობაში დამატებით 90, ან, მოდი, ვთქვათ, 100 კილომეტრი აქვს მოპოვებული. ეს ბევრად ნაკლებია, ვიდრე ადრე იყო, როდესაც ისინი წელიწადში დაახლოებით 3-4 ათას კილომეტრს იკავებდნენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ამ პერიოდში რუსეთმა 270 000 სამხედრო დაკარგა.
„როგორც ხედავთ, ამ 100 კილომეტრისთვის გადახდილი ფასი იმდენად მაღალია, რომ პუტინი არც იმარჯვებს და არც მარცხდება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, ბრძოლის ველზე ვითარება „თითქმის მთლიანად გაჩერებულია“, მიუხედავად იმისა, რომ პუტინი რუსეთის არმიის წარმატებებზე საუბრობს.
„პუტინი ბევრს საუბრობს რუსეთის წარმატებებზე ბრძოლის ველზე, მაგრამ ასევე გვესმის, რომ მისი გენერლები მას სიმართლეს არ ეუბნებიან“, – განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, პუტინისთვის ომში ადამიანების დაკარგვა „დამარცხებას არ ნიშნავს“, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთის საზოგადოება კარგავს ადამიანებსა და ფულს და „მაღალ ფასს იხდის“ უკრაინის ტერიტორიის დამატებით 100 კილომეტრის დასაკავებლად.