საქართველო, საერთაშორისო გამოფენაში Anuga select India პირველად მონაწილეობს

საქართველო, საერთაშორისო გამოფენაში Anuga select India პირველად მონაწილეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველო, ინდოეთის ქალაქ მუმბაიში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაში Anuga select India წელს, პირველად მონაწილეობს, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს პავილიონში წარმოდგენილი აგროსასურსათო სექტორის წარმომადგენლები საექსპორტო პოტენციალს აცნობენ გამოფენის უცხოელ და ადგილობრივ ვიზიტორებს.

„ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვახტანგ ჯაოშვილმა საქართველოს პავილიონი დაათვალიერა, ადგილზე გაეცნო ქართული კომპანიების საექსპორტო შესაძლებლობებს და ინდოეთის ბაზარზე დამკვიდრებასა და საერთაშორისო პარტნიორული ურთიერთობების დამყარებაში ქართველ მწარმოებლებს მხარდაჭერა აღუთქვა.

საქართველოს პავილიონში კომპანიებმა: „ხონის პლანტაციები“, „ჯეოაგრო ისთეითი“, „აგრითაჩი“, „ნიადაგი ჯგუფი“, „ჯენტრი ინვესტმენტი“, „არომა პროდუქტი“, „ფარმინგ კონსტრაქშენი“ - საკუთარი წარმოების მოცვი, თხილი, ნუში და ნატურალური წვენები წარმოადგინეს.

აღსანიშნავია, რომ Anuga select India საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც საკვები და სასმელი პროდუქციის მწარმოებლებს, იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებს ერთ სივრცეში აერთიანებს.

საერთაშორისო გამოფენაზე Anuga select India ქართული პავილიონის წარდგენა ქართული აგროსასურსათო სექტორისათვის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიმართულებით მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.