CNN: ლოს-ანჯელესში ავტომობილი ხალხში შევარდა - დაღუპულია სამი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი

CNN: ლოს-ანჯელესში ავტომობილი ხალხში შევარდა - დაღუპულია სამი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი

აშშ-ის ქალაქ ლოს-ანჯელესში, ნორთ-ჰოლივუდის უბანში, ავტომობილი ქვეითებისა და ქუჩის მოვაჭრეების ჯგუფს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა, იუწყება CNN-ი.

ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, შემთხვევა მეტროს სადგურის შესასვლელთან მოხდა. თეთრი ფერის ავტომობილი სულ მცირე ხუთ ქვეითს დაეჯახა.

ლოს-ანჯელესის სახანძრო სამსახურის ცნობით, სამი ადამიანი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, სულ მცირე სამი დაშავებული კი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოებში გადაიყვანეს. პოლიციის ინფორმაციით, მძიმე მდგომარეობაშია ავტომობილის მძღოლიც.

პოლიციის კაპიტნის უორნერ კასტილიოს განცხადებით, მძღოლი 60 წელს გადაცილებული მამაკაცია. მიმდინარეობს ტესტირება იმის დასადგენად, იმყოფებოდა თუ არა ის შემთხვევის დროს ალკოჰოლის ან სხვა ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ.

შემთხვევის ადგილზე გამართულ პრესკონფერენციაზე ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსმა ჯიმ მაკდონელმა განაცხადა, რომ მომხდარის გარემოებების დასადგენად ხანგრძლივი და დეტალური გამოძიება ჩატარდება.

ლოს-ანჯელესის მერმა კარენ ბასმა მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და განაცხადა, რომ მისი ოფისი ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან მჭიდროდ თანამშრომლობს შემთხვევის მიზეზების დასადგენად.

შემთხვევის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.