საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი, თურქეთის რესპუბლიკაში COP31-ის ფარგლებში, მწვანე სატვირთო დერეფნების გლობალური ინიციატივის შესახებ გამართულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში, მწვანე სატვირთო დერეფნების გლობალური ინიციატივის (GGFCI) შესახებ გამართულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.
ღონისძიება თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისა (UNECE) და გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) ორგანიზებით იმართება.
მრგვალი მაგიდის ფორმატში მინისტრები მწვანე სატვირთო დერეფნების გლობალურ ინიციატივას განიხილავენ, რომელიც თურქეთის მიერ არის ინიცირებული. ის მიზნად ისახავს, გაეროს ევროპის ეკონომიკურ კომისიასთან და გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკურ და სოციალურ კომისიასთან თანამშრომლობით, ახალი საკოორდინაციო პლატფორმის შექმნას, რომელიც საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების მდგრად განვითარებასა და გარემოზე მათი ზემოქმედების შემცირებას შეუწყობს ხელს.
ინიციატივა ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საფინანსო ინსტიტუტებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობას ითვალისწინებს. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებში მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარება, სუფთა ენერგიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება, ციფრული და მულტიმოდალური კავშირების განვითარება, ასევე მწვანე პროექტებისთვის ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობაა.
გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის, ბულგარეთის და თურქეთის ენერგეტიკისა მინისტრებთან ერთად, „აზერბაიჯანის, ბულგარეთის, საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას“ მოაწერს ხელს.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.



