ბალტიისპირეთის ქვეყნები დრონებთან საბრძოლველად ევროკავშირისგან €500 მილიონს ითხოვენ
ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი დრონებისგან თავის დასაცავად ევროკავშირს 500 მილიონ ევროს სთხოვენ. სამივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ერთობლივი წერილი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს გაუგზავნეს.
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის თქმით, მხარეები ევროპული სამხედრო საწარმოებისგან ტექნოლოგიების ერთობლივ შესყიდვას განიხილავენ. დაფინანსების მოთხოვნა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ბალტიისპირეთის ქვეყნების საზღვრების დრონების მიერ დარღვევის გახშირებულ შემთხვევებს უკავშირდება.
სამივე ქვეყანა ელის, რომ თანხა წელსვე გამოიყოფა და ევროკომისიისგან პასუხს უახლოეს კვირებში მიიღებენ.