Rapporteur: ევროკომისია გადაწყვეტილების მიღების რეფორმას გეგმავს, რათა წევრი ქვეყნების ვეტოს უფლებას გვერდი აუაროს
ევროკომისია ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის რეფორმას წარადგენს, რომლის მიზანიც ცალკეული წევრი ქვეყნების მიერ ეროვნული ვეტოს გამოყენების უფლების გვერდის ავლით პროცესების დაჩქარებაა. ამის შესახებ გამოცემა Rapporteur-ი გაფართოების სტრატეგიის შიდა დოკუმენტების პროექტზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი მომდევნო კვირას წარადგენს გეგმას, რომელიც ევროკავშირის 30-ზე მეტ წევრამდე გაფართოებისთვის მზადებას ითვალისწინებს - ლისაბონის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის გარეშე. ეს ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბლოკის შიდა ფუნქციონირებაში ყველაზე მასშტაბური ცვლილება იქნება.
დოკუმენტების თანახმად, ინიციატივა ითვალისწინებს გარდამავალი სამართლებრივი დებულებების გამოყენებას, რათა კანდიდატი ქვეყნების გაწევრიანების პროცესის შუალედურ ეტაპებზე 27 ქვეყნის ერთსულოვნების სავალდებულო მოთხოვნა გაუქმდეს.
ევროკომისია გამარტივებული, კვალიფიციური უმრავლესობით კენჭისყრის წესის დანერგვას ითხოვს - როდესაც გადაწყვეტილებას მხარს უჭერს 15 ქვეყანა, რომლებიც ბლოკის მოსახლეობის ორ მესამედს წარმოადგენენ - საკითხთა უფრო ფართო სპექტრზე, მათ შორის სანქციებზე, ადამიანის უფლებებზე, თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე, ასევე გადასახადებისგან თავის არიდების პრევენციაზე.
ეს ცვლილებები, რომელთა დამტკიცებაც თავის მხრივ ყველა წევრის ერთსულოვნებას მოითხოვს, დააჩქარებს ისეთი ქვეყნების ევროინტეგრაციას, როგორებიცაა უკრაინა, მონტენეგრო და ჩრდილოეთ მაკედონია, რომლებიც ამჟამად ცალკეული წევრი ქვეყნების წინააღმდეგობას აწყდებიან. თუმცა, სავარაუდოა, რომ ინიციატივას ბლოკის მოქმედი წევრების ნაწილი დაუპირისპირდება.
ევროკომისიამ 6 ოქტომბრისთვის გადადო იმ შეფასების წარდგენა, თუ როგორ იმოქმედებს მომავალი გაფართოება ევროკავშირის საკვანძო პოლიტიკაზე და რა ცვლილებები დასჭირდება თავად ბლოკს ახალი წევრების მისაღებად. დოკუმენტის ცალკეული ნაწილი სწორედ გაფართოებულ ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღების წესს დაეთმობა.
ამასთან, ევროკავშირი ამუშავებს წინადადებებს, რომელთა მიხედვითაც ევროინტეგრაციის ლიდერად მიჩნეული ოთხი ქვეყანა - მონტენეგრო, უკრაინა, მოლდოვა და ალბანეთი - წევრობის კონკრეტულ „საგზაო რუკებს“ მიიღებს.