Reuters: ჩინეთმა ირანს მოუწოდა „ჰუსიტებზე“ ზეწოლა მოახდინოს მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთმა დახმარება ითხოვა

Reuters: ჩინეთმა ირანს მოუწოდა „ჰუსიტებზე“ ზეწოლა მოახდინოს მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთმა დახმარება ითხოვა

ჩინეთმა ირანს პირადად მიმართა და სთხოვა იემენელ „ჰუსიტებზე“ ზეწოლა მოახდინოს, რათა მათი მოქმედებები შეაკავოს. ინფორმაციას Reuters-ი სამ ირანულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, პეკინმა თეირანს მას შემდეგ მიმართა, რაც საუდის არაბეთმა ჩინეთს დახმარება სთხოვა. ეს გადაწყვეტილება ერ-რიადმა მას შემდეგ მიიღო, რაც ირანის მიერ მხარდაჭერილმა „ჰუსიტებმა“ გასული კვირის განმავლობაში სამხედრო ოპერაციები მნიშვნელოვნად გააფართოეს.

წყაროების განცხადებით, „ჰუსიტებმა“ წითელი ზღვის სანაპიროს გასწვრივ და ბაბ-ელ-მანდების სრუტის მიმდებარე ტერიტორიაზე სწრაფი წინსვლა შეძლეს, რამაც საუდის არაბეთის ნავთობის ექსპორტი და საზღვაო გადაზიდვები უფრო მოწყვლადი გახადა.

ჩინეთმა საჯაროდ თავშეკავებისკენ, დიალოგისა და უსაფრთხო ნაოსნობის აღდგენისკენ მოუწოდა, თუმცა წყაროების თქმით, პეკინის პირადი გზავნილი ამ საჯარო განცხადებებზე უფრო მკაფიო იყო.

პეკინს სურს, ირანმა „ჰუსიტებზე“ არსებული გავლენა გამოიყენოს და ხელი შეუწყოს კონფლიქტის შემდგომი გავრცელების პრევენციას იმ ენერგეტიკული მარშრუტების გასწვრივ, რომლებზეც ჩინეთი - მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკა - მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული.

წყაროების ცნობით, თეირანის პასუხი იყო, რომ რეგიონში სტაბილურობა და მშვიდობა დამოკიდებულია ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ომის დასრულებაზე.

Reuters-ის კითხვებზე საპასუხოდ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა: „ჩინეთს არ სურს, რომ რეგიონული დაძაბულობა კიდევ უფრო გავრცელდეს იემენსა და წითელ ზღვაზე. რეგიონული არასტაბილურობის გაძლიერება არცერთი მხარის ინტერესებში არ შედის. ყველა ქვეყნის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს და არ უნდა განხორციელდეს თავდასხმები ობიექტებზე, რომლებიც ადამიანების საარსებო პირობებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩინეთი მოუწოდებს შეწყდეს ისეთი მოქმედებები, რომლებიც ვითარებას კიდევ უფრო ართულებს, და პრობლემების დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს“.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საუდის არაბეთის მთავრობის მედიის ოფისს Reuters-ის კითხვებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.