The Telegraph: უკრაინამ დონბასში ტერიტორიული კომპრომისის შესახებ აშშ-ის ახალი წინადადება უარყო
უკრაინამ უარი თქვა აშშ-ის ახალ წინადადებაზე, რომელიც რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხიდან გამოსაყვანად ქვეყნის საზღვრების შეცვლას ითვალისწინებდა.
The Telegraph-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენლებმა ტერიტორიული კომპრომისის ვარიანტი წამოაყენეს, რომლის მიხედვითაც რუსეთი დონბასის რეგიონებში ფრონტის ხაზის გასწვრივ მდებარე ტერიტორიებზე სრულ კონტროლს მოიპოვებდა, თუმცა კიევი იმ ქალაქებს არ დათმობდა, რომლებსაც ამჟამად აკონტროლებს.
აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე სამშვიდობო ძალისხმევა ძირითადად რუსეთის მოთხოვნის გამო შეფერხდა. მოსკოვი უკრაინისგან დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში დაახლოებით 5 200 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიის დათმობას მოითხოვს - იმ მიწების, რომელთა დაპყრობაც რუსეთის არმიამ ამ დრომდე ვერ შეძლო.
აბუ-დაბიში სამშაბათს გამართულ მოლაპარაკებებამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ომის შემდეგ უკრაინა „სხვა ფორმის“ იქნება. აშშ-ის ოფიციალური პირები კი მიანიშნებდნენ, რომ კიევმა შესაძლოა პირად საუბრებში ტერიტორიული დათმობების საკითხზე გარკვეული მოქნილობა გამოიჩინა.
თუმცა, მოლაპარაკებებთან დაახლოებულმა უკრაინულმა წყარომ The Telegraph-ს განუცხადა: „უკრაინის დელეგაციას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რაიმე დათმობაზე არასდროს უმსჯელია. უკრაინა ამას არასდროს აღიარებს - არც დე ფაქტო და არც დე იურე. ეს ყოველთვის იყო ჩვენი პოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან“.
როგორც The Telegraph-ი წერს, უკრაინამ და რუსეთმა სამშაბათს დონალდ ტრამპის შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო პროცესში ცხრათვიანი პაუზის შემდეგ, პირისპირ მოლაპარაკებები განაახლეს.
შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში გაიმართა. მოლაპარაკებებს აშშ-ის პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი და ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი შუამავლობდნენ.
ტერიტორიულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევის შეზღუდული შესაძლებლობის გამო, ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა ყურადღება ომის შემდგომ უსაფრთხოების გარანტიებზე გაამახვილეს. მათი მიზანია, ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, ახალი ომის დაწყება თავიდან აიცილონ.
აშშ-ის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ კიევსა და მოსკოვს შორის ტერიტორიული კომპრომისის მიღწევა ევროპის „უსაფრთხოების არქიტექტურის“ საკითხის განხილვის გარეშე შეუძლებელი იქნება.



