Associated Press: ესპანეთში 14 წლის შემდეგ პირველი საყოველთაო გაფიცვა იმართება - გაფიცულები საცხოვრებელი კრიზისის მოგვარებას ითხოვენ
ესპანეთში ოთხშაბათს მილიონობით დასაქმებული საყოველთაო გაფიცვას მართავს და მთავრობისგან ქვეყანაში არსებული საცხოვრებელი კრიზისის მოგვარებას მოითხოვს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
გაფიცვა იმართება ეროვნულ საპარლამენტო არჩევნებამდე სამ კვირაზე ნაკლებ დროში, რომელთა შედეგადაც ულტრამემარჯვენე ძალებმა შესაძლოა ხელისუფლებაში მოსვლა შეძლონ.
როგორც სააგენტო იუწყება, ესპანეთში საყოველთაო გაფიცვა 14 წლის განმავლობაში პირველად იმართება. მოსალოდნელია, რომ აქცია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობას შეაფერხებს, ხოლო ქვეყნის მასშტაბით შენელდება ან დროებით შეჩერდება საწარმოებისა და მაღაზიების საქმიანობა. ესპანეთი ევროზონის სიდიდით მეოთხე ეკონომიკაა.
Associated Press-ის ინფორმაციით, ბოლო ათი წლის განმავლობაში ესპანეთში საცხოვრებლის ქირა თითქმის გაორმაგდა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ოჯახების ხარჯები და ამომრჩეველთა უკმაყოფილება გამოიწვია.
საცხოვრებელთან დაკავშირებულმა უკმაყოფილებამ პიკს გასულ თვეში მიაღწია, როდესაც მადრიდში 87 წლის ქალის სახლიდან გამოსახლება ქვეყნის მასშტაბით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. მოგვიანებით ქალის გარდაცვალებამ, რომელიც მარი კარმენის სახელით გახდა ცნობილი, საზოგადოებრივი აღშფოთება კიდევ უფრო გააძლიერა. ის იმ ესპანელების სიმბოლოდ იქცა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საცხოვრებლის ქირაში მეტისმეტად დიდ თანხას იხდიან და საკუთარი სახლის შეძენაზეც კი ვერ ოცნებობენ.
საცხოვრებლის საკითხზე მომუშავე აქტივისტებმა მარი კარმენის გამოსახლების გარშემო შექმნილი პროტესტი საყოველთაო გაფიცვის ორგანიზებისთვის გამოიყენეს. მათ მალევე ესპანეთის ორმა უმსხვილესმა პროფკავშირმა - UGT-მ და CCOO-მ დაუჭირა მხარი.
საცხოვრებლის საკითხზე მომუშავე აქტივისტები რამდენიმე მოთხოვნას აყენებენ, მათ შორის, ტურისტული ბინების გაუქმებას, უძრავი ქონებით სპეკულაციის წინააღმდეგ ზომების გამკაცრებასა და მოიჯარეების დაცვას, მათ შორის, საიჯარო ხელშეკრულებების ავტომატურ განახლებას.
პროფკავშირები კი საცხოვრებლის ბაზარზე მთავრობის უფრო აქტიურ ჩარევას და ბიზნესის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების გზით მინიმალური ხელფასის შესახებ ახალი შეთანხმების მიღწევას მოითხოვენ.
გაფიცვის ოფიციალური სლოგანია: „ხელფასები. საცხოვრებელი. ფასები“.



