ირაკლი კირცხალია კიევთან ახლოს აღმოჩენილ სარდაფზე, სადაც უკრიანელ ჯარისკაცებს აწამებდნენ: ნამდვილად არ არის გასაკვირი, როდესაც „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრები გყავს თანამდებობებზე, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებში, სარდაფებში ნაწამები ხალხი და სარდაფში წამება არახალია
ნამდვილად არ არის გასაკვირი, როდესაც „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრები გყავს თანამდებობებზე, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებში, სარდაფებში ნაწამები ხალხი და სარდაფში წამება არახალია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ კიევთან ახლოს აღმოჩენილ სარდაფზე, სადაც უკრიანელ ჯარისკაცებს აწამებდნენ.მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც უკრაინის ხელისუფლებაში წამყვან თანამდებობებზე „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრები არიან, გასაკვირი არ არის, რომ სარდაფებში ხალხს აწამებდნენ.
„განსაკუთრებით სულისშემძვრელია ის ფაქტები, რაც შევიტყვეთ. რა გასაკვირია, როდესაც მიხეილ სააკაშვილი გყავს თანამდებობაზე და „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრები და ამ რეჟიმის წარმომადგენლები და მწამებლები, როდესაც ადეიშვილი გყავს და უცხოეთში დაატარებ, რომ ქვეყანა წარმოადგინოს, რატომ გვიკვირს, რომ სარდაფში ჯარისკაცს აწამებენ?! 2012 წლამდე ესენი იყვნენ ის ხალხი, რომლებმაც წამების გენერალური რეპეტიცია გაიარეს. გენერალური რეპეტიცია გაიარეს თუ როგორ უნდა დაუსახიჩრო ადამიანს სული და როგორ უნდა დაასახიჩრო ყველაფერი ის, რაც შენს ბინძურ კონკრეტულ მიზანს არ ემსახურება“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
კიევთან ახლოს მდებარე სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში 100-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, რათა გაეპროტესტებინა ერთ-ერთ სახლში უკანონოდ დატყვევებული უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეების წამება. ინფორმაციას DW ავრცელებს.



