ირაკლი კირცხალია: ბატონი ბიძინა ივანიშვილი წლებია არაფორმალური სანქციების ქვეშაა - ყველა საშუალებით თავდასხმა ხდება ადამიანზე, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი გარანტი მშვიდობისა და სუვერენიტეტის
ეს ძალები ასეთი ორგანიზაციებით თუ მედიაპლატფორმებით ცდილობენ, რომ ამ ქვეყანაში ავტორიტეტებს მიაყენონ ზიანი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მიერ გამოქვეყნებულ, ე.წ. „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.
კირცხალიას თქმით, ეს მათთვისვეა კონტრპროდუქტიული.
„ბატონი ბიძინა ივანიშვილი წლებია არაფორმალური სანქციების ქვეშაა. წლებია ვხედავთ რამდენ იარლიყს აკერებენ მას, ჩვენ ქვეყანას. ეს ძალები ასეთი ორგანიზაციებით თუ მედიაპლატფორმებით ცდილობენ, რომ ამ ქვეყანაში ავტორიტეტებს მიაყენონ ზიანი და შეულახონ ავტორიტეტი, მაგრამ ეს მათთვის არის კონტრპროდუქტიული. მნიშვნელოვანია, თუ როგორ ხდება თავდასხმა ყველა საშუალებით, ყველა ორგანიზაციის გამოყენებით ადამიანზე, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი გარანტი მშვიდობისა და სუვერენიტეტის“, - აღნიშნა კირცხალიამ.



