შალვა პაპუაშვილი უკრაინელი ჯარისკაცების სავარაუდო წამებაზე: მძიმე სანახავია, როდესაც ბოროტებასთან მებრძოლი თავად ბოროტებაშია ჩართული

შალვა პაპუაშვილი უკრაინელი ჯარისკაცების სავარაუდო წამებაზე: მძიმე სანახავია, როდესაც ბოროტებასთან მებრძოლი თავად ბოროტებაშია ჩართული

არ ვიცი, რამდენად იყო შესაძლებელი, რომ მაშინ, როდესაც არის საომარი მდგომარეობა, ხელისუფლების უხილავად ხდებოდეს ადამიანების წამება და გარემო, რაც იქ იყო შექმნილი, - განუცხადა ყირგიზეთში ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიას.

ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ აღმოაჩინეს სამალავი, სადაც უკრაინელ ჯარისკაცებს აწამებდნენ.

„შემაძრწუნებელია, რაც ვიხილეთ კადრები. ასეთი რაღაცის მოლოდინი ადამიანს არ გაქვს, როდესაც ფიქრობ ქვეყანაზე, რომელიც თავს იცავს აგრესიისგან. ძალიან მძიმეა ამის ნახვა. იმედი მაქვს, რომ შესაბამისი რეაგირება იქნება. არ ვიცი, რამდენად იყო შესაძლებელი, რომ მაშინ, როდესაც არის საომარი მდგომარეობა, ხელისუფლების უხილავად ხდებოდეს ადამიანების წამება და გარემო, რაც იქ იყო შექმნილი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსიც იყო იქ მისული, რომ გაირკვეს, რასთან იყო საქმე. მძიმე სანახავია, როდესაც ბოროტებასთან მებრძოლი თავად ბოროტებაშია ჩართული“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

გუშინ უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევთან ახლოს მდებარე სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში, ერთ-ერთ კერძო სახლში უკანონოდ დატყვევებული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ. ლაპარაკია დაახლოებით 40 სამხედროზე. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სახლთან სამხედროების ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. მიტინგი გვიან ღამემდე გაგრძელდა. ადგილზე იყო მისული უკრაინის ეროვნული გვარდიის სარდალი ალექსანდრე პივნენკო.