ილია ინჯია: ყირგიზეთში ვიზიტი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან „შუა დერეფნის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა ყირგიზეთი, რომელიც ისტორიულად ყოველთვის მონაწილეობას იღებდა „შუა დერეფანში“
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ილია ინჯიამ, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ყირგიზეთში იმყოფება, ვიზიტი შეაჯამა.
მისი თქმით, ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
„დღეს შევხვდით დიასპორას, ბევრნი არ არიან, თუმცა ვინც არიან, შეკრულები არიან და ერთმანეთს გვერდში უდგანან. ვიზიტი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან „შუა დერეფნის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა ყირგიზეთი, რომელიც ისტორიულად ყოველთვის მონაწილეობას იღებდა „შუა დერეფანში“, ასე რომ, ჩვენთვისაც, როგორც პარტნიორისთვის, ეკონომიკური ურთიერთობებისთვის, ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ინჯიამ.
ეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტია ყირგიზეთში. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, არიან: ილია ინჯია — საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე; დავით მათიკაშვილი — საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველო-ყირგიზეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი; დავით შერაზადიშვილი — საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; გიორგი ჭყონია — საქართველოს პარლამენტის წევრი და საქართველო-ყირგიზეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრი.



