„ქართული კულინარიული მემკვიდრეობისა და ტრადიციების ნამდვილი დღესასწაული“ - სამოგზაურო ჟურნალი Wanderlust საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გასტრონომიული ფესტივალის „გემოფესტის“ შესახებ წერს
პოპულარულმა ბრიტანულმა სამოგზაურო გამოცემა Wanderlust-მა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გასტრონომიულ ფესტივალს - „გემოფესტს“ სტატია მიუძღვნა. გამოცემის შეფასებით, გასტრონომიული ფესტივალი, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2022 წლიდან ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში ატარებს, „ქართული კულინარიული მემკვიდრეობისა და ტრადიციების ნამდვილი დღესასწაულია“.
მასალა სათაურით „გემოფესტი - თქვენი პირადი გზამკვლევი ქართველი ხალხისა და ქართული კულინარიის აღმოსაჩენად“ მკითხველს საქართველოს რეგიონულ კულინარიულ ტრადიციებზე, ადგილობრივ კერძებსა და მეღვინეობის კულტურაზე მოუთხრობს.
პუბლიკაციაში აღწერილია საქართველოს სხვადასხვა მხარის კერძები: სვანური კუბდარი და თაშმიჯაბი, აჭარული ხაჭაპური და სინორი, მეგრული ხაჭაპური, მესხური ამბარი, თუშური ტრადიციული კერძები და სხვ. ავტორი განსაკუთრებით აღნიშნავს ფესტივალის მთავარ ფასეულობას - ადამიანებს, რომლებიც ადგილობრივ კულინარიულ ტრადიციებს ინარჩუნებენ და აცოცხლებენ.
„გემოფესტის ინოვაციური გასტრონომიული ფესტივალის ყურადღების ცენტრში ადგილობრივი კერძები და ის ადამიანები არიან, რომლებზეც დგას მსოფლიოში განთქმული ქართული სამზარეულო“, - აღნიშნულია სტატიაში. პუბლიკაციის მიხედვით, ფესტივალი სტუმრებს აცნობს არამხოლოდ ადგილობრივ გემოებსა და ღვინოებს, არამედ უნიკალურ ისტორიებსა და ტრადიციებს პირადად ადგილობრივი შეფ-მზარეულებისგან, მეღვინეებისგან, ხელსაქმის ოსტატებისა და საოჯახო მეურნეობებისგან.
სტატიაში მოთხრობილია ფესტივალის კულტურულ პროგრამაზეც, რომელიც მოიცავს როგორც ქართულ ხალხურ სიმღერებსა და ცეკვებს, ისე მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსების თუ დიჯეების მონაწილეობით გამართულ საღამოებს.
ჟურნალ „Wanderlast-ის“ ნომერი, რომელშიც გემოფესტის შესახებ სტატიაა გამოქვეყნებული, ლონდონში World Travel Market 2026 სტუმრებს დაურიგდათ. მასშტაბურ, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მისი გავრცელება საქართველოს უნიკალურ გასტრონომიულ პოტენციალს საერთაშორისო ტუროპერატორებსა და ინდუსტრიის წამყვან ექსპერტებს აცნობს, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს გლობალურ ბაზარზე ქვეყნის ცნობადობის ამაღლებასა და ქვეყნის გასტრონომიული სფეროს პოპულარიზაციას.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.



