პეტერ მადიარის განცხადებით, ვიქტორ ორბანის ძმა ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს - ორბანი აცხადებს, რომ თავად არის სამიზნე, ხოლო მისი უმცროსი ძმა კი მხოლოდ იარაღია
უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ძმა, აშონ ორბანი ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა.
უნგრეთის პოლიციამ მანამდე გავრცელებულ განცხადებაში დაადასტურა, რომ ბუდაპეშტსა და პეშტის რეგიონის ორ ქალაქში, ორი მიმდინარე სისხლისსამართლებრივი გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ოპერაციის შედეგად, „რამდენიმე პირია დაკავებული“. ერთ-ერთი ჩხრეკა ბუდაპეშტის მახლობლად, ფოტლიგეტში მდებარე იმ უძრავ ქონებაში ჩატარდა, რომელიც სწორედ აშონ ორბანს უკავშირდება.
„საქმეში ჩართული პირების საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს“, - აღნიშნულია პოლიციის ოფიციალურ განცხადებაში. სამართალდამცავები დაკავებულების მიმართ წაყენებული ბრალდებების შესახებ დამატებითი დეტალების გასაჯაროებას უახლოეს ხანში გეგმავენ.
ყოფილ პრემიერთან დაახლოებულმა წყაროებმა უნგრულ მედიას დაუდასტურეს, რომ სპეცოპერაცია ნამდვილად ჩატარდა, თუმცა ამ ეტაპზე ჯერ კიდევ ზუსტდება ვიქტორ ორბანის უმცროსი ძმის პატიმრობაში ყოფნის სამართლებრივი სტატუსი.
გავრცელებულ ცნობებს თავად ვიქტორ ორბანი გამოეხმაურა: „ეს ანგარიშსწორება ყურადღების გადასატანი მანევრია. ის, რაც ახლა უნგრეთში ხდება, პასუხისმგებლობის დაკისრება კი არა, პოლიტიკური ანგარიშსწორებაა“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა. - „ამ ბინძური თამაშის მიზანი პოლიტიკური ოპონენტების განადგურება და ერთპარტიული სისტემის დამყარებაა. სამიზნე მე ვარ, ჩემი უმცროსი ძმა კი მხოლოდ იარაღია“.



