შალვა პაპუაშვილი ჩეხეთში ვიზიტზე: ყველგან, უპირველეს ყოვლისა, მსჯელობა გვქონდა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე, ვინაიდან ვხედავთ, რომ ბრიუსელი ცდილობს დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ჩვენ სხვადასხვა წყაროდან მოგვდის ეს ინფორმაცია, ბრიუსელიდან არის პირდაპირი მითითებები დედაქალაქებში, რომ არ იყოს შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა დელეგაციასთან
ყველგან, უპირველეს ყოვლისა, მსჯელობა გვქონდა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე, ვინაიდან ვხედავთ, რომ ბრიუსელი ცდილობს დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, - განუცხადა პრაღაში ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, სხვადასხვა წყაროდან მისდით ინფორმაცია, რომ ბრიუსელიდან არის პირდაპირი მითითებები დედაქალაქებში - არ იყოს შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა დელეგაციასთან.
„საკმაოდ დატვირთული დღე გვქონდა, პარლამენტში შეხვედრები, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან, მთავრობის წევრებთან შეხვედრები, პირველ ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის სამინისტროში შეხვედრები. ჩვენ ყველგან, უპირველეს ყოვლისა, მსჯელობა გვქონდა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე, ვინაიდან ვხედავთ, რომ ბრიუსელი ცდილობს დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ჩვენ სხვადასხვა წყაროდან მოგვდის ეს ინფორმაცია, ბრიუსელიდან არის პირდაპირი მითითებები დედაქალაქებში, რომ არ იყოს შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა დელეგაციასთან. საბედნიეროდ, ევროკავშირში ჯერ კიდევ ბევრია ნამდვილი ევროპელი და ბრიუსელის ამ მართლა საბჭოთა მიდგომას არ იზიარებს ყველა. ამიტომ ჩვენთვის ეს არის დღეს მთავარი და ფასეული, რომ ბრიუსელის ამ ანტიქართულ პოლიტიკას არ გადაჰყვეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობები.
სამწუხაროა, რომ ბრიუსელი ცდილობს საქართველოს და ქართველი ხალხის დაზიანებას მარტივი მიზეზის გამო. იმიტომ, რომ 2024 წელს მათ დაიჭირეს „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხარე და სურდათ მათი დაბრუნება ხელისუფლებაში. დამარცხდნენ მათ მიერვე რეფერენდუმად გამოცხადებულ არჩევნებში. რასაც ჩვენ ვუყურებთ ორი წელია, ეს არის შურისძიება ქართველ ხალხზე და საქართველოზე იმისთვის, რომ არადემოკრატიული მეთოდებით და არჩევნების გვერდის ავლით, ხელისუფლებაში მოიყვანონ კვლავ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“. ამიტომ დღეს ჩვენი ამოცანაა, რომ ამ მავნე პოლიტიკის ფონზე, რომელსაც ბრიუსელი საქართველოს წინააღმდეგ ატარებს, არ დავკარგოთ ორმხრივი ურთიერთობები. პირიქით, გავაღრმაოთ ჩვენს პარტნიორებთან ორმხრივი ურთიერთობები.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, ჩვენ, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი რგოლი, მნიშვნელოვან როლს ვასრულებთ ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყნის ეკონომიკურ თუ ენერგოუსაფრთხოებაში. მათ შორის ჩეხეთის შემთხვევაშიც, ჩეხეთი ნედლი ნავთობის იმპორტის 40 პროცენტს იღებს აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით. სულ ახლახან გაფორმდა ჩეხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელშეკრულება გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით, რომელიც ასევე შუა დერეფნით, საქართველოს გავლით ჩავა საბოლოო ჯამში ჩეხეთში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ორმხრივი ურთიერთობები იყოს, რაც შეიძლება, ახლო და მეგობრული. ჩვენ ყველას ვაჩვენებთ საიმედო პარტნიორობას ჩვენი მხრიდან და ამ მხრივ გვიხარია, რომ ჩეხეთის რესპუბლიკასთანაც სათანადო პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს.
ამ შეხვედრების ფონზე მნიშვნელოვანია საპარლამენტო თანამშრომლობაც. მე ჩემი კოლეგა მოვიწვიე საქართველოში და იმედი მაქვს უახლოეს მომავალში პარლამენტის თავმჯდომარე გვეწვევა საქართველოში და შესაძლებლობა გვექნება უკვე საქართველოში გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.



