„მთის ტრასების“ სააგენტო ზამთრის კურორტების აბონემენტებს საკუთარ პლატფორმაზე პირველად გაყიდის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) განახლებული ვებგვერდი MTA.SKI სატესტო რეჟიმით იწყებს მუშაობას. სააგენტო ელექტრონულ ბილეთებს საკუთარ პლატფორმაზე პირველად გაყიდის.
2026 წლის 20 ნოემბრიდან აბონემენტების ინტერნეტით შეძენა მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე MTA.SKI-ზე იქნება შესაძლებელი. ბილეთები ასევე გაიყიდება სამთო კურორტებზე მდებარე სალაროებსა და პარტნიორ ობიექტებში.
ელექტრონული პლატფორმა კურორტებზე მიმდინარე პირობების, სათხილამურო არეალების, რუკებისა და აბონემენტების შესახებ ინფორმაციას ერთ ოფიციალურ სივრცეში აერთიანებს. განახლებული ვებგვერდი მომხმარებელს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და გოდერძის შესახებ.
ინტერაქტიული რუკების საშუალებით მომხმარებლები შეძლებენ ნახონ, თუ რომელი ტრასა და საბაგიროა გახსნილი, გაეცნონ სათხილამურო არეალებს, ტრასების მდებარეობას, სიგრძესა და სირთულეს.
პლატფორმაზე ასევე ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია ამინდის, თოვლის საფარის, აბონემენტებისა და შეთავაზებების შესახებ.
პირდაპირი ტრანსლაციის კამერებით დამსვენებლები შეძლებენ თვალი ადევნონ კურორტებზე არსებულ ვითარებას, შეარჩიონ სასურველი სასრიალო არეალი და ვიზიტი წინასწარ დაგეგმონ.
ვებგვერდზე მომხმარებლები გაეცნობიან უსაფრთხოების წესებსაც და საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ პლატფორმიდან შეძლებენ 112-თან დაკავშირებასა და დახმარების თხოვნას.
2026-2027 წლების ზამთრის სეზონზე ახალი ციფრული ტექნოლოგიები სამაშველო სამსახურშიც დაინერგება. ინციდენტების შესახებ მონაცემები ელექტრონულ სისტემაში აისახება. მაშველები პლანშეტებით აღრიცხავენ შემთხვევის ადგილს, დაშავებულის მდგომარეობის პირველად შეფასებასა და გაწეულ დახმარებას. სისტემა ხელს შეუწყობს სტატისტიკის წარმოებას, ინციდენტების ანალიზსა და სამაშველო რესურსების ეფექტიან განაწილებას.
ამავე სეზონზე ოთხივე კურორტს დაემატება უსაფრთხოებისა და სამაშველო აღჭურვილობა: დამცავი ბადეები, სასიგნალო ჯოხები, ნიშნები და აკიები - დაშავებულთა გადასაყვანი სპეციალური ციგები.
„მთის ტრასების სააგენტო“ 2026-2027 წლების ზამთრის სეზონს ოთხივე კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე 2026 წლის 20 დეკემბერს გახსნის.



