საკონსტიტუციო სასამართლომ მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ „ლელოს“ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა
საკონსტიტუციო სასამართლომ მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ „ლელოს“ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
განჩინება დღევანდელ სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ წაიკითხა.
„ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოპასუხე მხარის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ლელო-ძლიერი საქართველოს“ შუამდგომლობა. მოთხოვნა კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული უკლებლივ ყველა ინტერნეტ ბმულის სასამართლო პროცესზე დემონსტრირების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს, სასამართლო ასევე არ მოახდენს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 31-ე მუხლით გათვალისწინებული საყოველთაოდ ცნობილი ფაქტების, ასევე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლევას. სასამართლო საქმის განხილვის მიმდინარეობის პროცესში განიხილავს სარჩელში მითითებული ცალკეული მტკიცებულებების რელევანტურობას მისი სადავოობისას, როგორც მხარის დასაბუთებული შუამდგომლობით, ისე საკუთარი ინიციატივით. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. განჩინების მიღებისას პლენუმი ერთსულოვანია“, - აღნიშნა რევაზ ნადარაიამ.



