უზბეკეთში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზბეკეთის ბაზარზე მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
კამპანიის ფარგლებში, უზბეკური მედიასაშუალებების, ასევე ციფრული მედიის პოპულარული კონტენტ-კრეატორებისთვის სპეციალური პრესტური მოეწყო. ბლოგერებმა და ჟურნალისტებმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, გასტრონომია და მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულებები ადგილზე შეისწავლეს, მომზადებულ მასალას საკუთარ აუდიტორიას გაუზიარებენ.
მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქალაქ ტაშკენტში საქმიანი ღონისძიება გაიმართა. B2B ფორმატის შეხვედრებზე ქართულმა და უზბეკურმა მხარეებმა ახალი ტურისტული პროდუქტების დანერგვა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ოფიციალურ ღონისძიებას უზბეკეთში საქართველოს საელჩოსა და ავიაკომპანიების: Centrum Air-ისა და Uzbekistan Airways-ის, ასევე უზბეკეთის 50-ზე მეტი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.



