სპორტის მინისტრმა ზაიბერსდორფის ლაბორატორია დაათვალიერა
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე მინისტრის პირველ მოადგილესთან, ირაკლი მეძმარიაშვილთან, და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად სამუშაო ვიზიტით ავსტრიაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ცენტრალური ევროპის ანტიდოპინგური ორგანიზაციების გაერთიანების (CEADO) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და ავსტრიის ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს (NADA Austria) აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ჩეპიჩმა მინისტრს ავსტრიის წამყვანი კვლევითი და ტესტირების ცენტრი - „ზაიბერსდორფის ლაბორატორია“ დაათვალიერებინა.
ლაბორატორიის წარმომადგენლებმა მინისტრსა და დელეგაციის სხვა წევრებს გააცნეს ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკა, კვლევები, რომლებიც აღნიშნულ შენობაში ტარდება, და წარადგინეს პრეზენტაცია ლაბორატორიის ისტორიის შესახებ.
„ზაიბერსდორფის ლაბორატორია“ საერთაშორისო ანტიდოპიმგური სააგენტოს WADA-ს (The world Anti-Doping Agency) მიერ ლიცენზირებულია. მისი საქმიანობა ეფუძნება სამეცნიერო კომპეტენციას, ზუსტ ანალიზსა და დამოუკიდებელ საცდელ-საკვლევ მომსახურებას. ლაბორატორია ემსახურება მომხმარებელს წარმოების, მედიცინის სფეროებიდან, ასევე ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებს. აქ თანამედროვე ინფრასტრუქტურის პირობებში მუშაობენ დარგთაშორისი გუნდები. ორგანიზაციას 40 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს და სპეციალიზებულია მაღალტექნოლოგიური ანალიზებისა და უსაფრთხოების სტანდარტების შემოწმების მიმართულებით.



