გოგა გულორდავამ პარლამენტს სახელმწიფო ინტერნეტიზაციისა და ციფრული მხარდაჭერის პროგრამის 2025 წლის შედეგები წარუდგინა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ საქართველოს პარლამენტში 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ქვეყნის ინტერნეტიზაციის მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებსა და ComCom-ის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ შედეგებზე ისაუბრა.
გოგა გულორდავას თქმით, ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა Log-in Georgia-ს პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ოპტიკური ინფრასტრუქტურის როგორც მშენებლობის, ისე ოპერირების გეოგრაფიული არეალი და მასშტაბი. „ოუფენ ნეტის“ მიერ აშენებულ ინფრასტრუქტურაზე უკვე ფუნქციონირებს სხვადასხვა ტიპის სატელეკომუნიკაციო სერვისი, რომლის საშუალებითაც ტელეკომ ოპერატორები მომხმარებლებს ფართოზოლოვან მომსახურებებს აწვდიან.
„ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის მშენებლობა დასრულდა ჭიათურის, საჩხერის, თერჯოლის, ტყიბულის, ჩხოროწყუს, ხობის, სენაკის, წალენჯიხის ნაწილისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში, რაც ჯამურად 575 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვან ინფრასტრუქტურას მოიცავს.
სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა მესტიის, ზესტაფონის, ხარაგაულის, საჩხერის, ხაშურის, გორის, ქარელის, კასპის, დუშეთის, მცხეთის, ქედის, ხელვაჩაურისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში. აღნიშნული სამუშაოები ერთობლივად 1,050 კმ მაგისტრალურ ინფრასტრუქტურასა და 200-მდე დასახლებულ პუნქტს მოიცავდა.“ - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.
ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის ბოლოს პროგრამის ფარგლებში დასრულებული და მიმდინარე სამუშაოების მოცულობა ჯამურად 3,000 კმ ინფრასტრუქტურასა და 420-ზე მეტ დასახლებას შეადგენდა, რაც 260,000-მდე მოსახლეს მოიცავს. ამასთან, 2025 წელს ოპტიკური ქსელის მშენებლობის მიზნით გამოცხადდა სამი ახალი ტენდერი: ხულო-ახალციხე-ბორჯომის, წალკა-ახალქალაქი-ახალციხისა და თბილისი-მარნეული-წალკის მიმართულებებზე.
2025 წლის მონაცემებით, „ოუფენ ნეტის“ ინფრასტრუქტურის გამოყენებით მომსახურებას უკვე 18 ინტერნეტ პროვაიდერი და 3 მობილური ოპერატორი აწვდის.
გოგა გულორდავამ ისაუბრა ასევე „ციფრული მხარდაჭერის პროგრამაზე“, რომელიც Log-in Georgia-ს მეორე კომპონენტია და მას უშუალოდ კომუნიკაციების კომისია ახორციელებს. პროგრამის მიზანია შერჩეულ მუნიციპალიტეტებსა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ციფრული ცნობიერების ამაღლება, ინტერნეტის მიზნობრივი გამოყენების ხელშეწყობა და ციფრულ ეკონომიკაში მათი ჩართულობის გაძლიერება.
„2025 წელს „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 8 მუნიციპალიტეტის 80 სამიზნე სოფელი და დასახლება დაიფარა, ჩატარდა 300-ზე მეტი სემინარი და გადამზადდა 4,600 ბენეფიციარი. ბოლო წლების ჯამური მონაცემებით, პროგრამამ 20 სამიზნე მუნიციპალიტეტში 300 სოფელი და დასახლება მოიცვა, ჩატარდა 800-მდე სემინარი და გადამზადდა 10,000-ზე მეტი ადგილობრივი ბენეფიციარი - მათ შორის 14 წელს ზევით მოსწავლეები, სკოლის პედაგოგები, შშმ პირები, ადგილობრივი მეწარმეები და დროებით უმუშევარი მოქალაქეები.“ - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.
ანგარიშის თანახმად, 2022 წლიდან ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ ოპტიკური ინფრასტრუქტურით დაფარული გეოგრაფიული არეალის 70%-ში უკვე განახორციელა.
ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.