შალვა პაპუაშვილი ბურჭულაძის განცხადებაზე: ეს არის კიდევ ერთი აღიარება 4 ოქტომბრის გადატრიალების ორგანიზატორების მხრიდან, თუ რა იყო მათი მიზნები, რა ეტაპზე მივიდნენ და რა მომენტში დამარცხდნენ

შალვა პაპუაშვილი ბურჭულაძის განცხადებაზე: ეს არის კიდევ ერთი აღიარება 4 ოქტომბრის გადატრიალების ორგანიზატორების მხრიდან, თუ რა იყო მათი მიზნები, რა ეტაპზე მივიდნენ და რა მომენტში დამარცხდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პაატა ბურჭულაძის ციხიდან გამოქვეყნებული წერილი შეაფასა. 

როგორც მან აღნიშნა, ბურჭულაძის განცხადება დასტურია, რომ 4 ოქტომბერს საქმე გვქონდა ხელისუფლების დამხობასთან. 

„ეს არის კიდევ ერთი აღიარება 4 ოქტომბრის გადატრიალების ორგანიზატორების მხრიდან, თუ რა იყო მათი მიზნები, რა ეტაპზე მივიდნენ და რა მომენტში დამარცხდნენ. ახლა თავს აცოდებენ საზოგადოებას, რომ არაფერი იცოდნენ და რომ ვითომ სცენაზე შემთხვევით აღმოჩნდნენ.

ამ ადამიანებმა 7 ათასი ქართველი აიყოლიეს. 7 ათასი საქართველოს მოქალაქე 4 ოქტომბერს მივიდა, რომ სისხლი დაეღვარა, რომ სამოქალაქო ომი ყოფილიყო. ეს სექტა მზად იყო, საქართველოში 90-იანი წლები გაემეორებინა, ხელისუფლება დაემხო და საქართველოში სისხლიანი დაპირისპირება წამოეწყოთ. აი, ამ მზაობით, 7 ათასი მოქალაქე მივიდა, საკუთარი სამშობლო არეულობისთვის გაწირა. აქედან 20-30 ადამიანია დაკავებული და ამაზეც არ უნდათ, რომ პასუხი აგონ “, - აღნიშნა პაპუაშვილმა. 

სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობაში მსჯავრდებულმა ბურჭულაძემ ციხიდან დაწერა, რომ გასული წლის 4 ოქტომბერს, მათი ქმედებებით ხელისუფლების გადარჩევა შეძლეს.