შალვა პაპუაშვილი: საქმე გვაქვს სექტასთან, რომელსაც ქურუმებმა მოუხაზეს, ვინ არიან მათი მტრები და ამ მტრებზე თავდასხმა, ზიზღი, მათ რელიგიურ აქტს წარმოადგენს
ყველას მოვუწოდებ, ისარგებლონ ჩემ მიერ გამოქვეყნებული პოსტით, რომ გავერკვეთ, რა არის ამის ანატომია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარეს დაუსვეს კითხვა ეროვნული ნაკრების მისამართით სოციალურ ქსელებში ბოლოდროინდელი თავდასხმების შესახებ.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქმე გვაქვს სექტასთან, რომელსაც ქურუმებმა მოუხაზეს, ვინ არიან მათი მტრები და ამ მტრებზე თავდასხმა, ზიზღი, მათ რელიგიურ აქტს წარმოადგენს.
„ამ მოვლენას უნდა შევხდეოთ, როგორც გარკვეულ კლინიკურ მოვლენას, როდესაც დაბინდული გონების მქონე ფუნდამენტური სექტის წევრები თავს ესხმიან სხვებს. გვინახავს სხვადასხვა კუ კლუქს კლანები თუ მსგავსი სექტები, რომლებიც აგრესიული არიან მათ მიმართ, ვისაც თავისიანებად არ აღიქვამენ. ასე უნდა შევხედოთ. მთავარია, ნებისმიერი ძალადობა, აგრესია უნდა აღკვეთოს სახელმწიფომ. რა ვქნათ, რაღაცებს უნდა შევხედოთ, მათ შორის, იუმორითაც. ეს ადამიანები აჩვენებენ საკუთარ სულიერ სიმდაბლეს, ემოციურ მოწყვლადობას და თავის პრობლემებს გვიჩვენებენ. ეს უნდა დავინახოთ. ყველა თავდასხმაში უნდა დავინახოთ მათი შინაგანი პრობლემა, რომელიც აქვთ და ამისი პროეცირების მცდელობა სხვებზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა: „ოპოზიციური დღეთაღრიცხვით დღეს „პროტესტის“ 666-ე დღეა, ეს მრგვალი თარიღი კარგი შესაძლებლობაა, აღვწეროთ, როგორ გარდაიქმნა პოლიტიკური პროტესტის აქტივისტთა ჯგუფი ფსევდორელიგიურ მოძრაობად“.