აშშ-ში, 71 წლის დუგლას სტიუარტ კარტერი, რომელიც 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სიკვდილმისჯილთა საკანში იმყოფებოდა, პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
აშშ-ში, იუტას შტატში, 71 წლის დუგლას სტიუარტ კარტერი, რომელიც 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სიკვდილმისჯილთა საკანში იმყოფებოდა, პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
პროკურატურის განცხადებით, დნმ-ის ახალმა ანალიზმა დაადასტურა, რომ დანაშაულის ადგილზე ნაპოვნი გენეტიკური მასალა მას არ ეკუთვნის.
მოსამართლე დერეკ პულანმა კარტერის გათავისუფლების გადაწყვეტილება მოკლულის ოჯახის პროტესტის მიუხედავად მიიღო. გათავისუფლებულს GPS-სამაჯურის ტარება და მსხვერპლის ოჯახთან კონტაქტის აკრძალვა დაეკისრა.
საქმე ეხება 1985 წელს ქალაქ პროვოში პოლიციის უფროსის დეიდის, ევა ოლესენის მკვლელობას. დუგლას კარტერი მაშინ ძარცვისა და მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, რაც მხოლოდ თავად კარტერის აღიარებით ჩვენებასა და ორი მოწმის სიტყვებს ეფუძნებოდა. საქმეში არცერთი ნივთიერი მტკიცებულება არ არსებობდა.
კარტერი მთელი ამ წლების განმავლობაში აცხადებდა, რომ აღიარება პოლიციის მხრიდან მუქარისა და ზეწოლის შედეგად ჩამოართვეს.
საქმეში გარდატეხა 2011 წელს მოხდა, როდესაც მთავარი მოწმეები მექსიკაში იპოვეს. მათ აღიარეს, რომ პოლიციამ და პროკურორებმა ცრუ ჩვენების სანაცვლოდ ფული და საჩუქრები გადასცეს, ხოლო უარის თქმის შემთხვევაში დეპორტაციით ემუქრებოდნენ. გასულ წელს იუტას უზენაესმა სასამართლომ, გამოძიების მხრიდან სერიოზული გადაცდომების გამო, განაჩენი გააუქმა.
სექტემბერში მიღებულმა დნმ-ის ექსპერტიზის პასუხმა კარტერის გენეტიკური პროფილი სრულად გამორიცხა მკვლელობის იარაღსა და კარის სახელურზე ნაპოვნი სისხლიდან.
დაცვის მხარის განცხადებით, გამოძიებამ თავის დროზე უგულებელყო მოწმეთა ჩვენებები შემთხვევის ადგილიდან გაქცეული მამაკაცის შესახებ და ხელი დააფარა სხვა სავარაუდო ეჭვმიტანილებს, მათ შორის მოკლულის ქმარს.
მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ უარი თქვა სიკვდილით დასჯის მოთხოვნაზე, ბრალდება ჯერჯერობით საბოლოოდ მოხსნილი არ არის და პროკურორები საქმის მასალებს ხელახლა სწავლობენ.