საქპატენტი პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციას იწყებს

საქპატენტი პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციას იწყებს

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“ პატენტრწმუნებულთა 2026 წლის საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციას აცხადებს. ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

გამოცდა საერთო და სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციებში, ორ ეტაპად ჩატარდება:

I ეტაპი - ტესტირება, 2026 წლის 21 ნოემბერს;

II ეტაპი - წერითი გამოცდა, 2026 წლის 5 დეკემბერს.

საქართველოში პატენტრწმუნებულთა ინსტიტუტის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინტელექტუალური საკუთრების სისტემის ევროპულ და საერთაშორისო საპატენტო სივრცეში ქვეყნის ინტეგრაციის პროცესში. 2023 წელს საქართველოსა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას (EPO) შორის ვალიდაციის შეთანხმების ამოქმედებამ შექმნა საქართველოში ევროპული პატენტების ვალიდაციის შესაძლებლობა, რამაც გაზარდა მოთხოვნა კვალიფიციურ პროფესიულ მომსახურებაზე. ამ პროცესის შესაბამისად, 2024 წლის 15 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქპატენტის მიერ მომზადებული „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელმაც ჩამოაყალიბა პატენტრწმუნებულთა საქმიანობის განახლებული სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩო. მათ შორის, განისაზღვრა პატენტრწმუნებულთა ორი სპეციალიზაცია, დაინერგა განგრძობადი პროფესიული განათლებისა და პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის მექანიზმები, ასევე განახლდა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების სტანდარტები და პროცედურები.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის საკვალიფიკაციო გამოცდა ახალი საკანონმდებლო და საგამოცდო მოდელის ფარგლებში ჩატარებული რიგით მეორე გამოცდაა. პირველი საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდა 2025 წელს 11-წლიანი პაუზის შემდეგ, რომელიც წარმატებით 28 კანდიდატმა გაიარა.

გამოცდაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადები მიიღება 2026 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით.

დეტალურ ინფორმაციას სარეგისტრაციო განაცხადის შევსებისა და სავალდებულო მოთხოვნების შესახებ გაეცანით საქპატენტის ვებგვერდზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/page/289/

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ საქპატენტის ცხელ ხაზზე: +995 32 2 25 25 33