შალვა პაპუაშვილი: არმაზ ახვლედიანი არის გამორჩეული რადიკალი პოლიტიკოსი, დედამიწის ზურგზე ვერავინ დაიწყებს მტკიცებას, რომ რადიკალის დაფინანსება ხელს უწყობს სამოქალაქო დიალოგს
უდიდესი სკანდალი იქნება, თუ აღმოჩნდება, რომ ევროსაბჭო გარეულია წევრ ქვეყანაში მისი კანონმდებლობის დარღვევაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა იმ ინფორმაციაზე, რომ არმაზ ახვლედიანის ორგანიზებით და ევროსაბჭოს დაფინანსებით, ბახმაროში გაიმართა საგანმანათლებლო სემინარი, რომელსაც პაველ ჰერჩინსკიც ესწრებოდა.
არსებული ინფორმაციით, ღონისძიების დაფინანსებაზე თანხმობისთვის ორგანიზატორებს მთავრობისთვის არ მიუმართავთ, რითაც შესაძლოა, გრანტების შესახებ კანონი დაირღვა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, არმაზ ახვლედიანი არის გამორჩეული რადიკალი პოლიტიკოსი და ვერავინ დაიწყებს მტკიცებას, რომ რადიკალის დაფინანსება ხელს უწყობს სამოქალაქო დიალოგს.
„ამ ამბავს აქვს ორი განზომილება. პირველი არის, დაირღვა თუ არა კანონი და აუდიტის სამსახური გასცემს ამ კითხვაზე პასუხს. რა თქმა უნდა, უდიდესი სკანდალი იქნება, თუ აღმოჩნდება, რომ ევროსაბჭო გარეულია წევრ ქვეყანაში მისი კანონმდებლობის დარღვევაში. ამიტომ ვნახოთ, რა დასკვნა ექნება აუდიტის სამსახურს. ამ ამბავს მეორე განზომილებაც აქვს, რომელიც შეიძლება, უფრო მეტად სკანდალურიც კი არის. მგონი, მტკიცებაც არ სჭირდება, რომ არმაზ ახვლედიანი არის გამორჩეული რადიკალი პოლიტიკოსი, 2020 წელს, წინა მოწვევის პარლამენტში ის გახლდათ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი ფრთის პარტიული სიით პარლამენტის წევრი. არ აღიარებდა 2020 წლის არჩევნებს, თვეები დასჭირდა, რომ პარლამენტში შემოსულიყო და საქართველოს მოქალაქეების არჩევანისთვის პატივი ეცა. ამის შემდეგ, 2024 წლის არჩევნებში ის ასევე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული წევრი. ისიც ჩაიხსნა საპარლამენტო სიიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთობლივი გადაწყვეტილებით. ის გახლდათ ერთ-ერთი პირველი, რომელმაც 26 ოქტომბერს მოუწოდა არჩევნების შედეგების არაღიარებისკენ, მოუწოდა რადიკალიზაციისკენ. ასე რომ, მარტივია კითხვა, რომელზეც სიმართლე გითხრათ, პასუხი დიდად საჭიროც არ არის. გასაგებია ხომ, ადამიანი როდესაც არის „ნაციონალური მოძრაობის“, დიქტატორი სააკაშვილის პარტიული სიით პარლამენტის არჩევნებში მონაწილე, შემდეგ ამ არჩევნების და ამ არჩევანის უარმყოფელი ადამიანის დაფინანსება იმ „სოუსით“, რომ ეს სამოქალაქო დიალოგში შეტანილი წვლილია, ან თავის მოტყუებაა ევროსაბჭოს მხრიდან, ან ქართველი ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრაა. ასე რომ, ევროსაბჭომ აირჩიოს, ამ ორი პასუხიდან რომელი არის სწორი. მესამე პასუხი აქ არ არსებობს, ვინაიდან ვერავინ დედამიწის ზურგზე ვერ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ რადიკალის დაფინანსება ხელს უწყობს სამოქალაქო დიალოგს. ასე რომ, ძალიან სამწუხაროა, როცა ჩვენ ასეთ განვითარებებს ვხედავთ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ მიერ სავარაუდოდ გრანტის მთავრობის თანხმობის გარეშე მიღების ფაქტის შესწავლა დაიწყო. „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ ხელმძღვანელი არმაზ ახვლედიანია.