სპეციალური პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულ მუსელიანცის მიერ გავრცელებული ბრალდებები არის პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა და პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ რეალურ მდგომარეომარეობას არ ასახავს

სპეციალური პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულ მუსელიანცის მიერ გავრცელებული ბრალდებები არის პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა და პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ რეალურ მდგომარეომარეობას არ ასახავს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის მიერ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს ის პენიტენციურ დაწესებულებაში არასათანადო პირობებში იმყოფება და არ არის უზრუნველყოფილი შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით.

სამსახური აცხადებს, რომ მსჯავრდებულ მუსელიანცის მიერ გავრცელებული ბრალდებები არის პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა და პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ რეალურ მდგომარეომარეობას არ ასახავს.

„აუცილებელია აღინიშნოს, რომ მუსელიანცი გამოირჩევა კონფლიქტური ქცევით არამხოლოდ დაწესებულების ადმინისტრაციის, არამედ სხვა მსჯავრდებულების მიმართ, რის გამოც ხშირად უწევს საკნის შეცვლა. დაწესებულების დებულების შესაბამისად კი, როდესაც მსჯავრდებული გადაჰყავთ ერთი საკნიდან მეორეში, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში გარკვეული დროით მას ათავსებენ ე.წ. კარანტინში. შესაბამისად, მუსელიანცისთვის, რომელმაც უკვე არაერთი საკანი შეიცვალა, საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ საკნიდან გაყვანისას იგი კარანტინში იქნებოდა და მისი განცხადება, თითქოს მოულოდნელად გადაიყვანეს კარანტინში და ეს გაკეთდა მასზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით, სრული სიცრუეა.

სიცრუეა მისი განცხადებებიც პენიტენციურ დაწესებულებაში ანტისანიტარიასა და კომუნიკაციების მოუწესრიგებლობაზე. შევახსენებთ საზოგადოებას, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში, სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვის მიზნით, რეგულარულად ტარდება დასუფთავება და შესაბამისი სადეზინფექციო ღონისძიებები, რასთან დაკავშირებითაც პენიტენციურ სამსახურს ინფორმაცია არაერთხელ გაუვრცელებია და ეს საკითხი პენიტენციური სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

მსჯავრდებული ცრუობს, როდესაც აცხადებს, თითქოს დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურება მიუწვდომელია პატიმართა დიდი რაოდენობის გამო. სინამდვილეში მსჯავრდებულ/ბრალდებულებს აქვთ შესაძლებლობა მიმართონ სამედიცინო პერსონალს, დაწესებულებაშივე მიიღონ შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, ისინი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაჰყავთ და უზრუნველყოფილნი არიან ნებისმიერი მაღალტექნოლოგიური გამოკვლევითა თუ მკურნალობით.

ასევე სრული სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებს ხარისხიანი საკვები არ მიეწოდებათ. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ მსჯავრდებულები იკვებებიან დადგენილი მენიუსა და შესაბამისი კვებითი/სანიტარიული მოთხოვნების დაცვით. კვების ხარისხის კონტროლი კი პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

რაც შეეხება მსჯავრდებულის მიერ გავრცელებულ ბრალდებას კორესპონდენციის შემოწმების შესახებ, აღვნიშნავთ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში კორესპონდენციის მიღება, გაგზავნა და შემოწმება ხდება უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად, შინაარსის გაცნობის გარეშე. მუსელიანცის განცხადება თავისივე წერილის შინაარსს ეწინააღმდეგება, ვინაიდან ცხადზე ცხადია, რომ მას აქვს შესაძლებლობა, დაუბრკოლებლად მიაწვდინოს წერილი მედიასაშუალებებს. შესაბამისად, კონკრეტული შემთხვევის წარმოჩენა დაწესებულების თანამშრომლების მიერ უკანონო „ცენზურის“ დამკვიდრებად, წარმოადგენს საკითხის არასწორ ინტერპრეტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას.

სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ მსჯავრდებულთა უფლებების დაცვა, უსაფრთხოებისა და სათანადო პირობების უზრუნველყოფა სამსახურის პრიორიტეტია. შესაბამისად, სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებსა და ყველა დაინტერესებულ პირს, პენიტენციურ სისტემასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებისას დაეყრდნონ გადამოწმებულ და დადასტურებულ ფაქტებს და თავი შეიკავონ ისეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც არ ასახავს რეალობას და საზოგადოებაში მცდარი წარმოდგენის ჩამოყალიბებას ემსახურება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.