ევროპაში ნატოს მოკავშირეთა ძალების მთავარსარდალი: თუ თქვენი ქვეყანა ჰიბრიდული თავდასხმის სამიზნე გახდება, უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება რუსებს დაანახებს, რომ მათმა სტრატეგიამ ვერ გაამართლა
ევროკავშირის ქვეყნებში რუსეთის დივერსიულმა კამპანიამ მთავარ მიზანს - უკრაინის დახმარებაზე დასავლეთის უარს - ვერ მიაღწია. ამის შესახებ ევროპარლამენტში გამოსვლისას ევროპაში ნატოს მოკავშირეთა ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალ-ლეიტენანტმა, ალექსუს გრინკევიჩმა განაცხადა.
მისი თქმით, კრემლის დივერსიული აქტები სულ უფრო „თავხედური“ ხდება. გრინკევიჩმა მაგალითად მოიყვანა აგვისტოს დასაწყისში ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული დრონის აღმოჩენა და სექტემბრის შუა რიცხვებში რუსული ფრეგატის მიერ დანიური ვერტმფრენის მიმართულებით სასიგნალო რაკეტების გაშვება.
„ეს არის შიშის დათესვისა და უკრაინისადმი ჩვენი ერთიანი მხარდაჭერის შერყევის მცდელობის ნათელი მაგალითები. ეს არ მუშაობს“, - აღნიშნა გენერალმა და დასძინა, რომ ინციდენტის შემდეგ კოპენჰაგენმა კიევს დამატებითი დახმარება გამოუყო.
„თუ თქვენი ქვეყანა ჰიბრიდული თავდასხმის სამიზნე გახდება, უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება რუსებს დაანახებს, რომ მათმა სტრატეგიამ ვერ გაამართლა და, შესაძლოა, აიძულოს ისინი, ხელი აიღონ ასეთ ქმედებებზე“, - განაცხადა გრინკევიჩმა ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას.
ნატოს სარდლის შეფასებით, რუსეთის მხრიდან განხორციელებულ დივერსიებსა და დესტაბილიზაციის მცდელობებზე საუკეთესო პასუხი მოსკოვის ღია მხილება და კიევის დახმარების გაზრდაა.