პროკურატურამ კახეთში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითური გზით დაბალშაქრიანი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ კახეთში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითური გზით დაბალშაქრიანი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ კახეთში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითური გზით დაბალშაქრიანი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით, სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, რქაწითელის ჯიშის ყურძნის ადგილწარმოშობის შესახებ ყალბი ცნობები მოიპოვეს და შეეცადნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში მდებარე ღვინის ქარხანაში, 20 600 კილოგრამი დაბალი შაქრიანობის მქონე ყურძნის ჩაბარებას, რაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დროულად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების გამო ვერ მოახერხეს.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითობის მცდელობა) და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა და გამოყენება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად, შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.