თამარ იოსელიანი: წლების განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მთავარ პარტნიორს - „ვიზეარს“ ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი მის განვითარებაში, რაც ნამდვილად ჩანს რიცხვებში და შედეგიც ნათელია

თამარ იოსელიანი: წლების განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მთავარ პარტნიორს - „ვიზეარს“ ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი მის განვითარებაში, რაც ნამდვილად ჩანს რიცხვებში და შედეგიც ნათელია

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 14 წლისაა, ასევე დღეს Wizz Air-ის ბაზის დაარსებიდან 10 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. ეს ორი თარიღი ერთმანეთთან განსაკუთრებულად და მჭიდროდ არის დაკავშირებული, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ქუთაისში გამართულ საიუბილეო ღონისძიებაზე.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირველი რეისი სწორედ კომპანია „ვიზეარმა“ შეასრულა კიევის მიმართულებით, ხოლო 2016 წლიდან პირველი ბაზა დაარსდა, რაც უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი იყო.

„7 მიმართულებიდან დღეს უკვე 24 მიმართულებაზე ვართ ასული, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად კი, 16 ქვეყნის მიმართულებით 31 ქალაქში დავფრინავთ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ წლების განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მთავარ პარტნიორს - „ვიზეარს“ ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი მის განვითარებაში, რაც ნამდვილად ჩანს რიცხვებში და შედეგიც ნათელია. 2023 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 1 მილიონ 600 ათას მგზავრს, 2024-ში დაახლოებით 1 მილიონ 700 ათას მგზავრს მოვემსახურეთ, ხოლო 2025 წელს უკვე გვქონდა ძალიან შთამბეჭდავი რიცხვები - დაახლოებით 1 მილიონ რვაასი ათას მგზავრზე მეტს მოვემსახურეთ“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

რაც შეეხება მიმდინარე 2026 წლის მონაცემებს, მინისტრის მოადგილის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის პოზიტიური დინამიკა კვლავ გრძელდება და პირველი 8 თვის მონაცემები ძალიან დადებითია.

„მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად საავიაციო სექტორში გამოწვევებია მსოფლიოში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, ასე ვთქვათ, თამასას ინარჩუნებს“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.