ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი: ნეთანიაჰუმ ავიაინციდენტის გამო კონსულტაციები გამართა და ვითარებას აკვირდება
ავიაკომპანია Fly Dubai-ს ბორტზე მომხდარი ინციდენტის გამო ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შესაბამის პირებთან კონსულტაციები გამართა და ვითარებას აკვირდება. ინფორმაციას ნეთანიაჰუს ოფისი ავრცელებს.
„ავიაინციდენტთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ შესაბამის პირებთან კონსულტაციები გამართა და ვითარების განვითარებას აკვირდება. ინციდენტი კონტროლს ექვემდებარება და ამჟამად ყველა საჭირო ზომა გამოიყენება იმისთვის, რომ ისრაელის მოქალაქე მგზავრები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ ქვეყანაში“, - აღნიშნულია ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალმა თვითმფრინავმა საგანგებო მდგომარეობის შესახებ სიგნალი აამოქმედა და საუდის არაბეთის თავზე ფრენისას კურსი შეცვალა. თვითმფრინავმა თავდაპირველად საერთაშორისო საგანგებო სიგნალი კოდით 7700 გააგზავნა. მოგვიანებით კი კოდი 7500 გადასცა, რაც თვითმფრინავის გატაცებას ან სხვა სახის უკანონო ჩარევას ნიშნავს. მედიის ცნობით, ინციდენტის მიზეზი რუს და უკრაინელ პილოტებს შორის ჩხუბი გახდა.