რუსთავში შიდა საუბნო სივრცეების მოწყობა ერთდროულად რვა ლოკაციაზე მიმდინარეობს

რუსთავში შიდა საუბნო სივრცეების მოწყობა ერთდროულად რვა ლოკაციაზე მიმდინარეობს

რუსთავში ცენტრალური ქუჩების პარალელურად, შიდა საუბნო სივრცეების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. შიდა ეზოების რეაბილიტაციის ფარგლებში, მე-12 მიკრორაიონის N1 საცხოვრებელი კორპუსის შიდა ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები იწყება, - ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან, ქალაქის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ლელა ლუარსაბიშვილთან ერთად შეხვდა და პროექტის დეტალები გააცნო.

„პროექტის დაწყებამდე ყოველთვის ვხვდებით მოსახლეობას და ვაცნობთ კონცეფციას, რომლის მიხედვითაც ესა თუ ის პროექტი განხორციელდება. მე-12 მიკრორაიონის N 1 კორპუსის ეზოში, დასასვენებელი და სპორტული სივრცის მოწყობას ვიწყებთ. განსაკუთრებით გაიხარეს ბავშვებმა, რომლებიც ახალი სტადიონის მოწყობას დიდი ხანია ელოდებიან. მნიშვნელოვანია, რომ დასასვენებელი, სპორტული სივრცე და კომფორტული გარემო, ჩვენს თანაქალაქელებს, საცხოვრებელ ადგილთან ახლოსაც ჰქონდეთ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

პროექტის ფარგლებში, მე-12 მიკრორაიონის N1 საცხოვრებელი კორპუსის შიდა ეზოში რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ საფეხბურთო მოედანს, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო მოედანი, მწვანე სივრცეები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კუთხე, საპარკინგე სივრცეები და ფანჩატური. დამონტაჟდება გარე განათების ქსელი.

400 000 ლარამდე ღირებულების პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

დღეისათვის რუსთავში, შიდა საუბნო სივრცის მოწყობა 8 სხვადასხვა მისამართზე მიმდინარეობს.