გიორგი კახიანი ბერა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ სამართლებრივ დავაზე: სიჩუმე ასეთ დროს ახალისებს მსგავსი კამპანიების შემდგომ მცდელობებს

გიორგი კახიანი ბერა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ სამართლებრივ დავაზე: სიჩუმე ასეთ დროს ახალისებს მსგავსი კამპანიების შემდგომ მცდელობებს

სიჩუმე ასეთ დროს ახალისებს მსგავსი კამპანიების შემდგომ მცდელობებს - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა ბერა ივანიშვილის მიერ ცილისწამებლური კამპანიის წინააღმდეგ დაანონსებულ სამართლებრივ დავაზე საუბრისას.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების უმრავლესობას არ სჯერა ბერა ივანიშვილის წინააღმდეგ წარმოებული ცილისწამებლური კამპანიისა, სამართლებრივი დავის დაწყება სწორია.

„აქ მხოლოდ ბერა ივანიშვილზე არ არის საუბარი. აქ საუბარია იმაზე, რომ ეს მავნებელი ძალები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის სახელს რამენაირად ჩრდილი მიაყენონ. ყოველი ასეთი მცდელობა იყო უსუსური მცდელობა, საზოგადოებას შეუძლია ტყუილ-მართალის გარჩევა და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ის დამსახურება, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ჩვენი ქვეყნის წინაშე აქვს“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

„ქართული ოცნების” დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ვაჟი, ბერა ივანიშვილი სამართლებრივ დავას იწყებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომელშიც აღნიშნა, რომ კონკრეტული მედიასაშუალებებისა და პირების წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს გეგმავს.