ბაჩო ოდიშარია ბერა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ სამართლებრივ დავაზე: ვთვლი, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო ბერა ივანიშვილმა, როდესაც მან განაცხადა, რომ აპირებს სამართლებრივ დავაში შევიდეს ცილისმწამებელ ტელეკომპანიებთან, რომლებიც მტკიცების ფორმით მას და მის ოჯახს აბრალებენ ძალიან ფანტასმაგორიულ და ზოგ შემთხვევაში პირდაპირ სასაცილო საქმეებს
ვთვლი, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო ბერა ივანიშვილმა, როდესაც მან განაცხადა, რომ აპირებს სამართლებრივ დავაში შევიდეს ცილისმწამებელ ტელეკომპანიებთან, რომლებიც მტკიცების ფორმით მას და მის ოჯახს 2011 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში შემოდიოდა, აბრალებენ ძალიან ფანტასმაგორიულ და ზოგ შემთხვევაში პირდაპირ სასაცილო საქმეებს, - განაცხადა კინომცოდნე ბაჩო ოდიშარიამ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ცრუ მედიასაშუალებებს მოეთხოვოთ სამართლებრივი პასუხი ბრალდებებისთვის, რომელსაც უარგუმენტოდ და ფაქტების გარეშე ტირაჟირებენ.
„ისინი კი გვაბრალებენ, რომ სიტყვის და მედიის თავისუფლება არ არის, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან პირიქით აღვირახსნილი სიტყვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება არის და მათ არ გააჩნიათ თვითცენზურა, რომ რაიმე ტიპის პროფესიული ეთიკა დაიცვან ან ზოგადად ეთიკა დაიცვან, ყველაზე სწორი ფორმა არის, რომ ამას სამართლებრივი პასუხისმგებლობა მიეცეს. გამოდის სხვა შემთხვევაში, რომ თუ ისინი ერთ ადამიანს მაინც მოატყუებენ და შეიყვანენ შეცდომაში, მათ მიზანი უკვე მიღწეული აქვთ“, - განაცხადა ბაჩო ოდიშარიამ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ რა ტიპის მედიასაშუალებას უყურებენ, რომ მათ მიერ გაჟღერებული ინფორმაციის დაჯერება არ შეიძლება.
„ქართული ოცნების” დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ვაჟი, ბერა ივანიშვილი სამართლებრივ დავას იწყებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომელშიც აღნიშნა, რომ კონკრეტული მედიასაშუალებებისა და პირების წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს გეგმავს.