კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, ვარძიაში სამუშაო ვიზიტით საერთაშორისო ექსპერტი კლაუდიო მარგოტინი იმყოფებოდა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, მიმდინარე წლის 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით, ვარძიაში სამუშაო ვიზიტით საერთაშორისო ექსპერტი, ინჟინერ-გეოლოგი, პროფესორი კლაუდიო მარგოტინი იმყოფებოდა. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, პროფესორმა კლაუდიო მარგოტინმა შეაფასა ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის საკონსერვაციო მდგომარეობა და სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად განიხილა ძეგლის სტრუქტურული კვლევებისა და გამაგრებითი ღონისძიებების საჭიროებები.
„ვიზიტის ფარგლებში შეფასებული მდგომარეობისა და გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე, დაიგეგმა ძეგლზე განსახორციელებელი გადაუდებელი საკონსერვაციო ღონისძიებები, ასევე განისაზღვრა გრძელვადიანი საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებები.
სამუშაო პროცესს ესწრებოდნენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი, სააგენტოს მთავარი არქიტექტორ-რესტავრატორი ლაშა შარტავა, სააგენტოს სპეციალისტები და გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სტიქიური პროცესების საინჟინრო გეოლოგიისა და ჰიდროლოგიის სამმართველოს უფროსი, გიორგი გაფრინდაშვილი.
კლაუდიო მარგოტინი 2014 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს კლდეში ნაკვეთ ძეგლებზე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის, ვარძიის ქანების სრულმასშტაბიანი დიაგნოსტიკა, მონიტორინგის სისტემების მოწყობა, მაღალი რისკის შემცველ უბნებზე დამცავი ბადეების განთავსება და მასშტაბური სარეაბილიტაციო-გამაგრებითი სამუშაოები.
ვარძიის კომპლექსი მუდმივად განიცდის ბუნებრივ ეროზიულ პროცესებს და რეგიონის მაღალი სეისმური აქტივობა ძეგლის სტრუქტურულ მთლიანობას დამატებით საფრთხეს უქმნის. ქვათაცვენისა და მეწყრული პროცესების რისკების შემცირების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, ძეგლი საჭიროებს მუდმივ მონიტორინგს, ზედამხედველობასა და შესაბამის საკონსერვაციო ჩარევებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

