CNN: აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპს მიგრანტების მესამე ქვეყნებში დეპორტაციის განახლების უფლება მისცა
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უფლება მისცა განაახლოს მიგრანტების იმ ქვეყნებში დეპორტაცია, რომლებთანაც მათ კავშირი არ აქვთ და მათთვის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული შესაძლო საფრთხეების გასაჩივრების შესაძლებლობის მიცემა სავალდებულო არ იქნება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ამასთან, ტელეარხის ცნობით, სასამართლომ განაცხადა, რომ საქმის არსებით განხილვას დეკემბერში დაუბრუნდება.
ეს უზენაესი სასამართლოს მიერ უკვე მესამედ მიღებული გადაწყვეტილებაა, რომლითაც ტრამპის ადმინისტრაციას აღნიშნული პოლიტიკის დროებით განხორციელების საშუალება მიეცა.
გადაწყვეტილებას სასამართლოს სამი ლიბერალი მოსამართლე - სონია სოტომაიორი, ელენა კაგანი და კეტანჯი ბრაუნ ჯექსონი - არ დაეთანხმა, იუწყება CNN-ი.
მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციას პროგრამის გაგრძელების უფლება ახლა უკვე აქვს, უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ საქმის არსებით მხარეს დეკემბერში მოუსმენს. ამგვარად, ტრამპის ადმინისტრაციის საიმიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საქმე სასამართლოს დღის წესრიგში მოხვდა. საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადება 2027 წლის ივლისშია მოსალოდნელი.
CNN-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ მიგრანტების გაძევების პოლიტიკა გასულ წელს, იმიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, აამოქმედა. აშშ-ს ზოგჯერ უჭირს მიგრანტების თავიანთ ქვეყნებში დეპორტაცია, როდესაც შესაბამისი ქვეყნების ხელისუფლებები მათ მიღებაზე უარს ამბობენ. ამ პრობლემის გადასაჭრელად ტრამპმა მესამე ქვეყნების გამოყენება გადაწყვიტა - მიგრანტების ისეთ ქვეყნებში გაგზავნა, რომლებთანაც მათ არანაირი კავშირი არ აქვთ.
ამ პოლიტიკის ფარგლებში უკვე დაახლოებით 25 000 მიგრანტი გააძევეს.
პროგრამამ გასულ წელს განსაკუთრებული ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც მიგრანტთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მიგრანტების ერთი ჯგუფი, რომელიც თავდაპირველად სამხრეთ სუდანში უნდა გაეგზავნათ, ჯიბუტიში ჰყავდათ დაკავებული. ისინი გადაკეთებულ სატვირთო კონტეინერში, ე.წ. Conex-ის კონტეინერში ჰყავდათ მოთავსებული.