Financial Times: ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი რუსეთთან არაფორმალური საკომუნიკაციო არხების აღდგენის ინიციატივით გამოდის

Financial Times: ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი რუსეთთან არაფორმალური საკომუნიკაციო არხების აღდგენის ინიციატივით გამოდის

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის უეს სთრითინგის განცხადებით, ლონდონმა და მოსკოვმა კომუნიკაციის ახალი, არაფორმალური არხები უნდა შექმნან, რათა მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი „სახელმწიფო ტერორიზმის“ ფონზე არასწორი გათვლებისა და გაუთვალისწინებელი ესკალაციის რისკი თავიდან აიცილონ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, პოლიტიკური და დიპლომატიური კონტაქტების თვალსაზრისით, ლონდონი ვლადიმერ პუტინის რეჟიმთან ურთიერთობისას საფრანგეთსა და გერმანიას ჩამორჩება.

„ჩვენი საელჩო მოსკოვში ფუნქციონირებს. ეს კომუნიკაციის მნიშვნელოვანი არხია, თუმცა მირჩევნია, დამატებითი არხებიც არსებობდეს, განსაკუთრებით სამხედრო უწყებებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის დონეზე. ყოველთვის არსებობს არასწორი გათვლების რისკი და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი პირდაპირი კომუნიკაციის არსებობა“, - განუცხადა სთრითინგმა Financial Times-ს.

სთრითინგის განცხადება მოჰყვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის იოჰან ვადეფულის მიერ სექტემბერში რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან გამართულ შეხვედრას. ეს იყო ამ დონის პირველი შეხვედრა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. შეხვედრას წინ უძღოდა ბერლინის ბრალდება, რომ რუსეთის დაზვერვა ლაიფციგის აეროპორტზე დრონებით თავდასხმის მცდელობაში მონაწილეობდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კი თებერვალში კრემლში მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან შესახვედრად თავისი დიპლომატიური მრჩეველი ემანუელ ბონი გაგზავნა. თავად მაკრონი პუტინს 2025 წლის ივლისში ესაუბრა, წერს გამოცემა.

ტრამპის ადმინისტრაცია კიდევ უფრო შორს წავიდა და რუსეთთან მაღალი დონის კონტაქტებს მუდმივად ინარჩუნებს. შეერთებული შტატების, რუსეთისა და უკრაინის სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებები სამშაბათიდან აბუ-დაბიში უნდა გაიმართოს.

ბრიტანელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ლონდონი მოსკოვში თავდაცვის სფეროს მაღალი რანგის წარმომადგენლებთან არაფორმალური საკომუნიკაციო არხების აღდგენას ცდილობდა, თუმცა რუსეთის მხარემ ამ დრომდე ინიციატივას უარით უპასუხა.

„ამჟამად ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ არასწორი გათვლების რისკი უფრო დიდია, ვიდრე ესკალაციის განზრახი მცდელობა“, - განაცხადა ბრიტანეთის მთავრობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

როგორც Financial Times-ი წერს, 2022 წლის შემდეგ დიდი ბრიტანეთის მოქმედი შეიარაღებული ძალების მეთაურს ან თავდაცვის მდივანს რუსეთის შესაბამის თანამდებობის პირებთან საუბარი არ ჰქონია.

ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის, MI6-ის ხელმძღვანელი რუსეთის კოლეგას ძალიან იშვიათად ესაუბრებოდა, თუმცა, საკითხთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, ასეთი კონტაქტები იშვიათი იყო და მოსკოვის სამხედრო დაზვერვის სისტემასთან სათანადო საკომუნიკაციო არხების არსებობას ვერ უზრუნველყოფდა, აღნიშნულია სტატიაში.