Financial Times: ტრამპმა დიზელის ექსპორტის აკრძალვის საკითხზე მრჩევლებთან საგანგებო შეხვედრა გამართა

Financial Times: ტრამპმა დიზელის ექსპორტის აკრძალვის საკითხზე მრჩევლებთან საგანგებო შეხვედრა გამართა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიზელის ექსპორტის აკრძალვის საკითხთან დაკავშირებით მრჩევლებთან საგანგებო მოლაპარაკებები გამართა. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

საკითხთან დაახლოებული პირების ინფორმაციით, პრეზიდენტს წარუდგინეს სხვადასხვა ვარიანტი, მათ შორის დიზელის საერთაშორისო გაყიდვების შეზღუდვა. ამასთან, აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შესაძლო მიწოდების შეფერხების შესახებ ინფორმაცია უცხოელ მოკავშირეებს, მათ შორის დიდ ბრიტანეთს, მიაწოდეს.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტრამპი „მაგიდაზე არსებულ ყველა ვარიანტს განიხილავს“ ქვეყანაში საწვავის ფასების შესამცირებლად, თუმცა დიზელის ექსპორტის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

აღნიშნულ საკითხზე ტრამპი „რესპუბლიკელ“ მოკავშირეებსა და ნავთობის ინდუსტრიის ხელმძღვანელებს შორის დაპირისპირების ცენტრში აღმოჩნდა. „რესპუბლიკელები“, რომლებიც დიზელის ფასების ზრდის, განსაკუთრებით ფერმერებსა და აშშ-ის ინდუსტრიის სხვა სექტორებზე მისი გავლენის გამო შეშფოთებულნი არიან, ექსპორტის შეზღუდვას მოითხოვენ. ნავთობკომპანიების ხელმძღვანელები კი მომგებიანი საექსპორტო ბაზრის შენარჩუნებას ცდილობენ, წერს გამოცემა.

„რესპუბლიკელთა“ ნაწილმა, აიოვას შტატის სენატორ ჩაკ გრასლის ხელმძღვანელობით, დიზელის ექსპორტის აკრძალვის მოთხოვნით ადმინისტრაციაზე ზეწოლა გააძლიერეს. ისინი შიშობენ, რომ საწვავის ფასების შემცირების გარეშე, შუალედურ არჩევნებში ამომრჩეველთა უკმაყოფილებამ შესაძლოა „რესპუბლიკელებზე“ იმოქმედოს.

გამოკითხვების თანახმად, ამომრჩეველთა დამოკიდებულება ტრამპის მიერ ეკონომიკის მართვის, ირანთან ომისა და ინფლაციის საკითხებზე გაუარესებულია.

„პოლიტიკური შედეგი ის არის, რომ „რესპუბლიკელებმა“ შესაძლოა უმრავლესობა დაკარგონ. ამას ჩვენ დაგვაბრალებენ, დავიმსახურებთ თუ არა ამას. ხელისუფლებაში ჩვენ ვართ და ამისგან თავის დაღწევა რთულია“, - განუცხადა გამოცემას ტენესის შტატის კონგრესმენმა ტიმ ბერჩეტმა.

ნავთობის ინდუსტრიის ერთ-ერთი გავლენიანი წარმომადგენლის განცხადებით, რომელიც თეთრ სახლში მიმდინარე დისკუსიებს იცნობს, ექსპორტის აკრძალვის საკითხი გასულ კვირას „გადაწყვეტილების მიღებასთან ძალიან ახლოს“ მივიდა მას შემდეგ, რაც გრასლიმ და სასოფლო-სამეურნეო შტატებიდან არჩეულმა სხვა „რესპუბლიკელებმა“ ადმინისტრაციას მოუწოდეს, მდგომარეობის გაუარესება შეეჩერებინა.

Financial Times-ის ცნობით, თეთრი სახლის წარმომადგენლებმა ევროპელ მოკავშირეებთანაც დაიწყეს მუშაობა შესაძლო აკრძალვისთვის მოსამზადებლად. ევროპაში დიზელის ფასებმა რეკორდულ ნიშნულებს მიაღწია, რასაც ქუჩის საპროტესტო აქციებიც მოჰყვა.

აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა კრის რაიტმა ორშაბათს ბრიტანეთის ოფიციალურ პირებთან სატელეფონო საუბრები გამართა. ამასთან, აშშ-ის ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი ესაუბრა რობერტ ჯენრიკს, მემარჯვენე პარტია Reform UK-ის ერთ-ერთ ლიდერს, რომელმაც გასულ კვირას ბესენტს წერილით მიმართა და მოუწოდა, დიზელის ექსპორტის აკრძალვა არ დაეწესებინა ან გამონაკლისი დიდი ბრიტანეთისთვის დაეშვა.

ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპელ მოკავშირეებზე ზეწოლა გააძლიერა, რათა მათ საწვავის რეზერვებიდან დიზელის მარაგების ბაზარზე გამოტანა დაეწყოთ. აშშ-ის წარმომადგენლები ასევე განიხილავენ ჩინეთისთვის მიმართვის შესაძლებლობას, რათა პეკინმა დიზელის წარმოება საკუთარ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში გაზარდოს.