საქართველოს აეროპორტების გაერთიანება რეგიონში IATA-ს პირველი სასწავლო პარტნიორი გახდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ UAG აკადემია საქართველოში საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) პირველი რეგიონული სასწავლო პარტნიორი ოფიციალურად გახდა.
IATA-ს გადაწყვეტილებით, UAG აკადემია საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის გლობალურ სასწავლო ქსელს შეუერთდა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით IATA-ს სასწავლო ცენტრებსა და აკრედიტებულ რეგიონულ პარტნიორებს აერთიანებს. რეგიონში პირველი სასწავლო პარტნიორის სტატუსი ადასტურებს, რომ აკადემია სრულად აკმაყოფილებს IATA-ს საერთაშორისო ხარისხისა და სწავლების სტანდარტებს და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი საავიაციო ტრენინგების განხორციელება შეუძლია.
შესაბამის ხელშეკრულებას ხელი ჟენევაში, IATA-ს ადმინისტრაციულ ოფისში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა და IATA-ს ტრენინგების დირექტორმა ტანია შმიტმა მოაწერეს.
აღნიშნული აღიარება საქართველოსთვის საავიაციო განათლებისა და პროფესიული გადამზადების რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების ახალ შესაძლებლობებს ქმნის. 2027 წლის თებერვლიდან UAG აკადემიაში IATA-ს საერთაშორისო სასწავლო კურსები დაიწყება, რომლებშიც მონაწილეობას საქართველოს მოქალაქეებთან ერთად რეგიონის სხვა ქვეყნების დაინტერესებული პირებიც შეძლებენ.
საერთაშორისო პარტნიორობა ხელს შეუწყობს საქართველოში საავიაციო სფეროს პროფესიონალთა მომზადებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რეგიონიდან მსმენელების მოზიდვასა და ქვეყნის პოზიციონირების გაძლიერებას საერთაშორისო საავიაციო საგანმანათლებლო სივრცეში.
2027 წლის თებერვლის დასაწყისიდან UAG აკადემიაში IATA-ს შემდეგი სასწავლო კურსები დაიწყება:
- უსაფრთხოების მართვის სისტემები ავიაკომპანიებისათვის;
- საჰაერო ხომალდების გაუმართაობების გამომწვევი მიზეზების ანალიზი;
- სახიფათო ტვირთების გადაზიდვის რეგულაციები;
- სპეციფიკური ტვირთისა და ცხოველების გადაყვანა-გადაზიდვები.
საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) 1945 წელს დაარსდა და მსოფლიოს ავიაკომპანიებს აერთიანებს. ორგანიზაცია ხელს უწყობს გლობალური ავიაციის განვითარებას, უსაფრთხოების, ოპერაციული ეფექტიანობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე საერთაშორისო სტანდარტებისა და პროფესიული განათლების განვითარებას.
ამ საერთაშორისო სასწავლო ქსელის წევრობა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების UAG აკადემიას შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი გამოცდილება და სასწავლო მიმართულებები IATA-ს საერთაშორისო სტანდარტებს შეუსაბამოს და საავიაციო განათლების სფეროში შეთავაზებები გააფართოოს.
UAG აკადემია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ბაზაზე მოქმედი საავიაციო განათლებისა და პროფესიული გადამზადების ცენტრია. მისი ძირითადი მიმართულებებია: საავიაციო უშიშროება, სახიფათო ტვირთების გადაზიდვა, აეროპორტების ოპერირება და საჰაერო ხომალდების სახმელეთო მომსახურება. აკადემია ყოველწლიურად 4 000-ზე მეტ სპეციალისტს ამზადებს.
ინფორმაციას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.



