Reuters: იტალიაში ბომბის საფრთხის შესახებ მიღებული შეტყობინებების გამო სულ მცირე 300 სკოლიდან მოსწავლეების ევაკუაცია განხორციელდა
იტალიაში სულ მცირე 300 სკოლიდან მოსწავლეებისა და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც სასწავლებლებმა ბომბის საფრთხის შესახებ იდენტური ელექტრონული შეტყობინებები მიიღეს. ინფორმაციას Reuters-ი იტალიის განათლების მინისტრზე ჯუზეპე ვალდიტარაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც სააგენტო იუწყება, უსაფრთხოების განგაში ევროპაში ჰიბრიდული ომის საფრთხესთან დაკავშირებული მზარდი შეშფოთების ფონზე გამოცხადდა. ბოლო პერიოდში მსგავსი თავდასხმების სამიზნე გახდა სუპერმარკეტები, სისხლის ბანკები, საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემები და სატელევიზიო მაუწყებლები.
იტალიის განათლების მინისტრმა ტელეკომპანია La7-ს განუცხადა, რომ მიღებული შეტყობინებები, სავარაუდოდ, ცრუ განგაშია. მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ დაზარალებული სკოლების რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.
„ქვეყნის მასშტაბით ბომბის საფრთხის შესახებ მიღებული შეტყობინების შემდეგ გაცნობებთ, რომ ყველა მოსწავლე უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს და ისინი პედაგოგების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან“, - ნათქვამია რომის ერთ-ერთი სკოლის მიერ მშობლებისთვის გაგზავნილ წერილში.
ვალდიტარას განცხადებით, სკოლების უმეტესობა, რომლებმაც შეტყობინება მიიღეს, ფიქრობენ, რომ მუქარა დაბალი სანდოობისაა.
რომის პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, მომხდარს იტალიის სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ.



