Reuters: კირილ დმიტრიევმა აშშ-ის ოფიციალურ პირებთან „კონსტრუქციული“ მოლაპარაკებები გამართა უკრაინის ომის დასრულების თაობაზე, მათ შორის ომისშემდგომ პერიოდში აშშ-რუსეთის შესაძლო ენერგეტიკულ ინიციატივებზე
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა აშშ-ის ოფიციალურ პირებთან „კონსტრუქციული“ მოლაპარაკებები გამართა უკრაინის ომის დასრულების თაობაზე, მათ შორის ომისშემდგომ პერიოდში აშშ-რუსეთის შესაძლო ენერგეტიკულ ინიციატივებზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
დმიტრიევის ვიზიტი, რომელიც ასევე რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელია, ორშაბათს შედგა. მას წინ უძღოდა გასულ კვირას ნიუ-იორკში პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართული შეხვედრა, სადაც, ზელენსკის თქმით, მხარეებმა ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შესაძლო შეწყვეტის საკითხი განიხილეს.
მიმდინარე თვის დასაწყისში ტრამპის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, მოსკოვში პუტინს შეხვდნენ.
დმიტრიევი ვაშინგტონში იმყოფებოდა „რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ომის დასრულების შემდეგ აშშ-რუსეთის შესაძლო ენერგეტიკულ ინიციატივებზე კონსტრუქციული დისკუსიების გასაგრძელებლად“ - აღნიშნა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.
ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში დმიტრიევმა შეხვედრები გამართა აშშ-ის ფინანსთა და ენერგეტიკის სამინისტროების წარმომადგენლებთან - განუცხადეს Reuters-ს სამშაბათს ვიზიტის მომზადების პროცესში ჩართულმა წყაროებმა.