ნათია თურნავა: ბოლო 10 წლის განმავლობაში სესხებისა და დეპოზიტების დოლარიზაცია განახევრდა

ნათია თურნავა: ბოლო 10 წლის განმავლობაში სესხებისა და დეპოზიტების დოლარიზაცია განახევრდა

საქართველოს ეროვნული ბანკი დედოლარიზაციის პოლიტიკას კვლავაც პრიორიტეტულ მიმართულებად განიხილავს. ბოლო ათი წლის განმავლობაში სესხებისა და დეპოზიტების დოლარიზაცია მნიშვნელოვნად შემცირდა და დღეს მათი დაახლოებით 60% ეროვნულ ვალუტაშია დენომინირებული, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე – „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ ისაუბრა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, დედოლარიზაციის პოლიტიკა ეროვნული ბანკის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია.

„თუ 10 წლის წინ სესხებისა და დეპოზიტების დაახლოებით 80% უცხოურ ვალუტაში იყო დენომინირებული - უპირატესად დოლარსა და ევროში, დღეს ეს მაჩვენებელი განახევრდა და სესხების დაახლოებით 60%, ასევე დაახლოებით ამდენივე დეპოზიტი უკვე ეროვნულ ვალუტაშია. ეს ეროვნული ვალუტის მიმართ გაზრდილ ნდობას ასახავს. ჩვენ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას ვაგრძელებთ და მადლობა მინდა გადავუხადო საბანკო სექტორს აქტიური თანამშრომლობისა და ჩართულობისთვის“, - განაცხადა მან.

ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ლარის მკვეთრი გაუფასურების, არამედ მისი მყისიერი გამყარების თავიდან აცილებაც, რადგან გაცვლითი კურსის არაპროგნოზირებადი ცვლილებები ბიზნესსაქმიანობას ართულებს.

„ამ თვალსაზრისით, დედოლარიზაცია და ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის ზრდა ეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა - მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის პირობებში სავალუტო ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებს“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.