რას აცხადებენ ბრიტანეთის საელჩოში ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ლიდერები

რას აცხადებენ ბრიტანეთის საელჩოში ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ლიდერები

ბრიტანეთის საელჩოში ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა დასრულდა. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი, გერმანიის ელჩი ბარბარა ფოსი და საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო ესწრებოდნენ.

ოპოზიციის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრი ბადრი ჯაფარიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ფავლენიშვილი, „ფედერალისტების“ ლიდერი გიგა ბოკერია, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი ნიკა გვარამია. შეხვედრის თემა ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელი იყო.

ოპოზიციის ლიდერებმა მედიასთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთეს.

„მთავარი თემა არის, როგორ ავაცილოთ ჩვენს სახელმწიფოს ის შესაძლო, გამოუსწორებელი ზიანი, რასაც უქადის „ქართული ოცნების“ მიერ წამოწყებული ავანტიურა“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

„მე ვხედავ თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერას ყოველთვის, როდესაც ქართული საზოგადოება დგამს მყარ ნაბიჯებს საკუთარი ინტერესების, სუვერენიტეტის, სახელმწიფოებრიობის დასაცავად. ეს არის საქართველოს საზოგადოების ამოცანა დღეს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„როდესაც დღეს არსებობს კრიზისული მდგომარეობა, რომ არა მხოლოდ სახელმწიფოებრიობას ემუქრება საფრთხე, ეს არა მხოლოდ საქართველოს პრობლემაა, გახლავთ მთლიანად დასავლური უსაფრთხოების პრობლემა. ვსაუბრობთ ჩვენს ბუნებრივ მოკავშირეებთან. მთავარი გასაკეთებელი საქმე მაინც ქართველი ხალხის გახლავთ“, - აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.